ლონდონის “ვესტ ჰემის” მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი აცხადებს, რომ თავდამსხმელ ენდრი კეროლის ტრანსფერთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი წინადადება, არც კი განიხილება.
ბრიტანული პრესის ცნობით, “ნიუკასლი”, რომელმაც 26 წლის ფორვარდი 4 წლის წინ “ლივერპულს” 35 მილიონ გირვანქა სტერლინგად მიჰყიდა, ახლა მის უკან დაბრუნებას ეცდება. და ეს მიუხედავად იმისა, რომ კეროლმა მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთადერთი გოლი გაიტანა.
ბილიჩი ირწმუნება, რომ ფეხბურთელი “აპტონ პარკზე” დარჩება და მომავალში გოლებს “ვესტ ჰემისთვის” გაიტანს.
“ჩვენ კეროლი გვჭირდება. მთავარია ჯანმრთელად იყოს და სასურველ ფორმაში შევიდეს. მე ფეხბურთელებს მხოლოდ გოლებით არ ვაფასებ. “სტოკთან” მატჩში ენდიმ გააკეთა ყველაფერი: იბრძოდა მაღალი ბურთებისთვის, სივრცეებს უქმნიდა ნახევარმცველებს. ვიმედოვნებ, რომ მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება. როდესაც ის ჯანმრთელადაა, მრისხანე იარაღს ემსგავსება. მის წინააღმდეგ თამაში ყველას უჭირს და ის ჩემს გეგმებში ზის. ამას პირველი დღიდან ვამბობდი და აზრი არც ახლა შემიცვლია” - ამბობს ბილიჩი.