სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

12:49 | 24.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი – ზედიზედ მესამედ კომუსუბის რანგში

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი იგივე ბანძუკე გამოქვეყნა, რომელშიც ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე ქართველ სეკიტორებს – ტოჩინოშინისა და გაგამარუს მცირე ცვლილებები შეეხოთ.

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე გასულ კიუშიუ ბაშოზე აღმოსავლეთის კომუსუბის წოდებით ირჯებოდა და მინიმალური უარყოფითი ბალანსი (მაკე-კოში) დააფიქსირა – 7 მოგება, 8 მარცხი.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ტოჩინოშინი მხოლოდ 1 პოზიციით დაქვეითდა და კომუსუბის რანგი შეინარჩუნა. ახლა, ქართველი სუმოისტი დასავლეთის კომუსუბია და სანიაკუში (პირობითი კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტები არიან გაერთიანებულნი) ადგილს ისევ ინარჩუნებს. ცნობისთვის, ლევანი კომუსუბის რანგში ზედიზედ მესამედ, სულ კი, მეშვიდედ იასპარეზებს.

მცირე წინსვლა შეეხო თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს, რომელმაც ნოემბრის სუპერტურნირზე 8 მოგება და 7 მარცხი მიითვალა და აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას ტიტული დასავლეთის მე-9 მაეგაშირობაზე გაცვალა.

განახლებულ ბანძუკეს სათავეში მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი ჩაუდგა, რომელმაც კიუშიუში “იმპერატორის თასი” არავის დაუთმო. მას კვალში თანამემამულე იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ უდგანან.

ოძეკებს შორის წამყვანი პოზიცია კისენოსატოს უკავია. ამავე რანგში იმყოფებიან ტერუნოფუჯი, კოტოშოგიკუ და გოეიდო.

33 წლის ასაკში რანგით მე-3 წოდებას (სეკივაკე) პირველად უწია იოშიკაძემ. სეკივაკეს ტიტულით იასპარეზებს ტოჩიოძანიც, კომუსუბის წოდებით კი, ტოჩინოშინის გარდა, იკიოისაც ვიხილავთ.

მაკუუჩი დივიზიონს დაუბრუნდენ ტაკანოივა და ძიოკორიუ. ელიტაში პირველად იასპარეზებენ 24 წლის შიოდაი და 21 წლის კაგაიაკი, ხოლო სადანოფუჯი, დაიეიშო, ასასეკირიუ და ტოკიტენკუ რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში დაქვეითდნენ.

2016 წლის პირველი კლასიკური ტურნირი ტოკიოს სუმოს სასახლე “კოკუგიკანში” შედგება. მომავალი ბაშო 10-24 იანვარს ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.141009