ჭადრაკი

0:20 | 24.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ოთხეულიდან მხოლოდ ხოტენაშვილმა იმარჯვა

ყატარის ღია პირველობაზე მოთამაშე ქართული ოთხეულიდან მე-4 ტურში წარმატებას მხოლოდ ერთმა მიაღწია, ერთმა პარტია ფრედ დაასრულა, ორმა კი მარცხი განიცადა.

თეთრი ფიგურებით გამარჯვება ბელა ხოტენაშვილმა (2496) იზეიმა, რომელმაც რუს ალექსეი სლავინს (2388) აჯობა და 1.5 ქულით ზუსტად მე-100 ადგილს უწია.

102-ე პოზიციაზეა სოფიკო გურამიშვილი (2368), რომელმაც შავებით ინდოელ კიდამბი სუნდარარაჯანთან (2513) წააგო და ასევე 1.5 ქულა შერჩა.

თითო-თითო ქულა აქვთ და შესაბამისად, 111-ე და 124-ე ადგილებზე იმყოფებიან ნინო ბაციაშვილი (2498) და ნანა ძაგნიძე (2559). პირველი თეთრებით ინდოელ აჰუჯა როჰანთან (2426) დამარცხდა, მეორემ კი შავებით ყაიმი შვედ პონტუს კარლსონთან (2433) გააფორმა.

მე-5 ტურში, რომელიც 24 დეკემბერს გახლავთ დაგეგმილი, 3 ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით ითამაშებს. ხოტენაშვილი იტალიელ პიერ ლუიჯი ბასოს (2438) გაეჯიბრება, გურამიშვილი – ალინა კაშლინსკაიას (რუსეთი, 2448), ხოლო ძაგნიძე – იური გორიაჩკინს (რუსეთი, 2318).

რაც შეეხება ბაციაშვილს, ის შავებით ყატარელ აზიზ ჰუსეინ ბეზადს (2425) დაუპირისპირდება, რომელიც მე-3 ტურში ძაგნიძეს დაუზავდა.

4 ტურის თავზე დოჰაში მიმდინარე პრესტიჟულ ტურნირს 3.5-3.5 ქულით 5 მოჭადრაკე ლიდერობს: ანიშ გირი (ჰოლანდია, 2784), ჩაო ლი (ჩინეთი, 2750), უესლი სო (აშშ, 2775), მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2834) და მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი, 2684).

0.121293