კალათბურთი

23:22 | 23.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონატში გალიდერდა
სანიკიძემ სტამბოლში 10 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა

თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” ანკარაში “ტურკ ტელეკომს” 82:72 სძლია და ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

მარკოიშვილმა მოედანზე 17:52 წუთი დაჰყო და სტუმრებს 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი შესძინა. მანუჩარმა 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

სტამბოლელთაგან 10-ქულიან ზღვარს მილკო ბიელიცა (16), ჯორდან ვილბეკინი (13) და სემიჰ ერდენი (13) ასცდნენ, ანკარელებს კი 19 ქულით მარკის ბრაუნმა ულიდერა. ისიც ვთქვათ, რომ "არმიას" ყოფილმა წევრმა, ქართული პასპორტის მქონე ბენ ვუდსაიდმა "ტურკ ტელეკომს" 26:55 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.

“დარუშაფაკამ” 8 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და როგორც მოგახსენეთ, ამ დროისთვის, პირველ ადგილზე იმყოფება.

5 გამარჯვებით და 7 წაგებით მე-10 პოზიციაზე აღმოჩნდა ვიქტორ სანიკიძის “ტედ ანკარა კოლეჯლილერი”, რომელიც ერთ-ერთ აუტსაიდერ “ისტანბულს” სტუმრობდა და დასანანი მარცხი განიცადა – 72:74.

ქართველმა ფორვარდმა 26:15 წუთს ითამაშა და 10 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა. ვიქტორმა 5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2-ჯერ დაჯარიმდა.

სტუმართა რიგებში 24 ქულით გამორჩეული ამერიკელი ლეგიონერი ჯეი ლუკასი იყო, მასპინძლებს კი მისმა თანამემამულე ჯოზეფ კაულიმ ულიდერა – 20 ქულა.

თურქეთის ჩემპიონატის მორიგი ტური 26-27 დეკემბერს შედგება. 26-ში სანიკიძის “ტედ ანკარა კოლეჯლილერი” “ტრაბზონსპორს” უმასპინძლებს, 27-ში კი მარკოიშვილის “დარუშაფაკა” ხსენებულ “ისტანბულს” დაუხვდება.

0.120796