ფეხბურთი

16:42 | 22.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

პროგნოზების საპირისპიროდ: მოულოდნელი ჩემპიონები...

მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენა ინგლისის პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერი “ლესტერ სიტია”. დიდი თუ პატარა, ყველა კლაუდიო რანიერის გუნდის გასაოცარ თამაშზე ლაპარაკობს და მხოლოდ იმაზე მარჩიელობენ შეძლებენ თუ არა “მელიები” სეზონის ბოლომდე ასეთ რიტმში გაგრძელებას...

ამასთან დაკავშირებით უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა სპეციალური სტატია გამოაქვეყნა სათაურით: ყველა პროგნოზების საპირისპიროდ: მოულოდნელი ჩემპიონები...

სტატიაში საუბარია 12 ქვეყნის, 12 ყველაზე მოულოდნელ ჩემპიონზე და მას უცვლელად გთავაზობთ.

ბელგია: “გენკი” (1998-1999)

“გენკი” არცთუ დიდი ხნის დარსებული გუნდია – ბელგიის სამგზის ჩემპიონი საფეხბურთო სცენაზე 1988 წელს გამოჩნდა და ზუსტად 11 წელიწადი დასჭირდა, რომ ბელგიის უძლიერესი გუნდის სახელი დაეგდო, თუმცა ამას მაშინ არავინ მოელოდა. თორნიკე ოქრიაშვილის ამჟამინდელმა გუნდმა პირველად ბენილუქსების ქვეყნის მთავარ ლიგაში 1996 წელს შეაბიჯა, ხოლო სამი წლის თავზე ოქროს მედალებიც დაისაკუთრა. მას შემდგომ “გენკი” კიდევ ორჯერ ავიდა უმაღლეს საფეხურზე. ბოლოს კი ამის გაკეთება 2011 წელს მოახერხა.

ინგლისი: “ნოტინგემ ფორესტი” (1977-1978)

ბრაიან კლაფს ინგლისის ჩემპიონატი 1971-1972 წლების სეზონში “დერბი ქაუნთისთან” ერთად უკვე მოეგო, მაგრამ ექვსი წლის მერე, იგივე წარმატება “ნოტინგემ ფორესტთან” ერთად სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან გუნდი მთავარ ლიგაში 1976-1977 წლების სეზონში აღზევდა – ეს ნამდვილად ეპოქალური გამარჯვება გახლდათ. კლაფისა და პეტერ ტეილორის გუნდმა ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასულ, ევროპის საუკეთესო კლუბ “ლივერპულს” 7 ქულით აჯობა. ამ წარმატებას სულ მალე ჩემპიონთა თასის მოგებაც მოჰყვა...

საფრანგეთი: “მონპელიე” (2011-2012)

“მონაკოს” (1978), “სენტ ეტიენსა” (1964) და “ბორდოს” (1950) უკვე მოეგოთ საფრანგეთის ჩემპიონატი, როგორც ლიგა 1-ში ახალგადმოსულ გუნდებს, მაგრამ 2012 წელს “მონპელიეს” იგივე შედეგი უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან “პარი სენ ჟერმენს” ის-ის იყო არაბი შეიხები თავისი ფინანსური შესაძლებლობებით დაპატრონებოდნენ და 2011 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მილიონებიც დახარჯეს გუნდის გაძლიერებისთვის. თუმცა სეზონის ბოლოს ყველაზე მაღლა არა პსჟ, არამედ რენე ჟირარის მოკრძალებული “მონპელიე” იდგა, რომლის მთავარი ლიდერიც ოლივიე ჟირუ იყო.

გერმანია: “კაიზერსლაუტერნი” (1997-1998)

მიუნხენში, “ბაიერნთან” (1:0) გამარჯვება ბუნდესლიგის ახალწვეულის ერთადერთი სენსაცია არ ყოფილა. ოტო რეჰაგელის გაწვრთნილმა “კაიზესლაუტერნმა” ვერცხლის სინი სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ოფიციალურად ჩაიბარა და თვით “ბაიერნსა” და იმ დროს ევროპის მოქმედ ჩემპიონ დორტმუნდის “ბორუსიას” აჯობა.

საბერძნეთი: “ლარისა” (1987-1988)

1988 წლის 1 მაისს, “ირაკლისთან” 1:0 მოგების შემდეგ, “ლარისა” საბერძნეთის ჩემპიონი ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გახდა. “ლარისა” გახდა საბერძნეთის ისტორიაში ერთადერთი გუნდი, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონატი მოეგო და იგი არ წარმოადგენდა ათენს, ანაც სალონიკს...

იტალია: “ვერონა” (1984-1985)

მას შემდგომ რაც “ვერონა” სერია ა-ში 1982 წელს აღზევდა, ჯერ მე-6, მერე კი მე-4 ადგილზე გავიდა. მესამე წელს კი მიღწეულს არ დაჯერდა და საერთოდ ჩემპიონი გახდა. ოსვალდო ბანიოლის გუნდისგან სკუდეტოს მოგებას იმ წელს არავინ ელოდა. თუმცა ამ გუნდის წარმატებაში უდიდესი როლი მცველმა ჰანს-პეტერ ბრიგელმა და დანიელმა თავდასხმელმა პრებენ ელკიაერმა ითამაშეს. ამ უკანასკნელმა შემდგომში საინტერესო რამ თქვა: “არ ვწუხვარ, რომ არასდროს მითამაშია დიდ გუნდში. “ვერონა” ყველაზე დიდი იყო”. სხვათა შორის, ელკიაერმა იმ სეზონში ტურინის “იუვენტუსს” გოლი ბუცის გარეშე გაუტანა...

ჰოლანდია: “აზ ალკმაარი” (1980-1981)

“აიაქსი”, “ფეიენორდი” და “ეინდჰოვენი” ჰოლანდიის ჩემპიონატს 1964 წლიდან მოყოლობელი მონაცვლეობით იგებდნენ, მაგრამ ჯორჯ კესლერის “ალკმაარმა” დიდი სამეულის ტრადიცია დაარღვია და 1981 წელს ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, უეფას თასის ფინალშიც გააღწია, სადაც “იფსვიჩ თაუნთან” დამარცხდა. “ალკმაარმა” იგივე წარმატებას 2009 წელსაც მიაღწია, როცა ლუის ვან გაალი ედგა სათავეში.

პორტუგალია: “ბოავიშტა” (2000-2001)

55 წლის შემდეგ, როცა “ბელენენსეშმა” (1945-1946) პორტუგალიის ჩემპიონატი მოიგო, ჩემპიონი “ბოავიშტა” გახდა. არადა მანამდე, ზემოხსენებული დროის განმავლობაში ლუზიტანების მთავარ ლიგას სამი გუნდი იგებდა: “პორტუ”, “სპორტინგი” და “ბენფიკა”. ჟაიმე პაჩეკოს გუნდმა საჩემპიონო ტიტული ბოლოსწინა ტურში გაინაღდა, როცა “ავეშს” 3:0 მოუგო.

რუსეთი: “რუბინი” (2008)

ყაზანში გაცილებით პოპულარული ჰოკეი, ფრენბურთი და კალათბურთია, მაგრამ “რუბინმა” თავისი არსებობის 50-ე წელს რუსული ფეხბურთის ისტორია შეცვალა. ყურბან ბერდიევის გუდმა ჩემპიონატის პირველი 7 თამაში მოიგო და სეზონის დაწყებიდან დასრულებამდე პირველი ადგილი არავისთვის დაუთმია.

ესპანეთი: “ატლეტიკო” (2013-2014)

“ეს კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა”, - თქვა “ატლეტიკოს” გაჩემპიონების შემდეგ დიეგო სიმეონემ. “როხიბლანკომ” ლა ლიგაში “რეალისა” და “ბარსელონას” ცხრაწლიანი ჰეგემონია დაამხო. “კამპ ნოუზე” ბოლო ტურში ნათამაშები 1:1 უკვე “ატლეტიკოს” ჩემპიონობას ნიშნავდა. ეს იყო პირველი ტიტული 1996 წლის მერე. მადრიდელებმა სეზონში მხოლოდ 4 თამაში წააგეს და 38 თამაშში სულ რაღაც 26 გოლი გაუშვეს.

თურქეთი: “ბურსასფორი” (2009-2010)

თურქეთის სუპერლიგის ისტორიაში “ბურსასფორის” ჩემპიონობა ყველაზე დიდი სენსაცია იყო. ეს გახლდათ პირველი გუნდი 1984 წლიდან მოყოლებული, რომელიც სტამბულს არ ეკუთვნოდა და ჩემპიონატის მოგება შეძლო. “ბეშიქთაშთან” (2:1) და “ფენერბახჩესთან” (1:1) თამაშებმა “ბურსა” გააჩემპიონა.

უკრაინა: “ტავრია” (1992)

დონეცკის “შახტარი” და კიევის “დინამო” უკრაინის ჩემპიონატს მისი დაარსების დღიდან დღემდე მონაცვლეობით იგებენ, მაგრამ 1992 წელს სიმფერეპოლის “ტავრია” გამონაკლისად გამოერია. ლვოვში, კიევის “დინამოსთან” გადამწყვეტ მატჩში, თამაშის დასრულებამდე 14 წუთით ადრე სერგეი შევჩენკომ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და “ტავრიას” მოგებინა, რითაც ანატოლი ზაიაევის გუნდი ჩემპიონი გახდა.

0.205906