საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი და ეროვნულის კანდიდატი ლაშა დვალი თავისუფალი აგენტია. ნიჭიერმა მცველმა გერმანიის II ბუნდესლიგის ბინადარ “დუისბურგთან” კონტრაქტი გაწყვიტა და ახლა შემოთავაზებებს ელოდება.
როგორც დვალმა worldsport.ge-სთან საუბრისას განაცხადა, გერმანულმა გუნდმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ტყუილი დაწერა და იგი რეალურად სხვა მიზეზის გამო წამოვიდა გუნდიდან. 20 წლის მცველმა ჯერჯერობით არ იცის, თუ სად გააგრძელებს კარიერას და ამ თემაზე საუბარს ერიდება...
- ლაშა, “დუისბურგთან” კონტრაქტი გაწყვეტილია... რატომ?
- მე მივედი გუნდის სპორტულ დირექტორთან და ვუთხარი, რომ აღარ მინდოდა “დუისბურგში” ყოფნა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვვარჯიშობდი და მთავარი მწვრთნელიც აღნიშნავდა ამას, შანსი არ მეძლეოდა. სპორტულმა დირექტორმა კი ვებგვერდზე დაწერა, რომ მე მასთან მივედი და გუნდიდან გაშვება ვთხოვე, რადგან სახლში მინდოდა დაბრუნდება.. ეს არის სრული აბსურდი, ასე არ ყოფილა. მე მივედი მართლაც მასთან, მაგრამ ოჯახი და სახლი საუბარში არც მიხსენებია, სიმართლე ესაა!
ამჟამად თავისუფალი აგენტი ვარ და შემოთავაზებებს ველოდები. იმედი მაქვს, იანვრიდან ისეთ გუნდში წავალ, სადაც ყველაფერი ისე აეწყობა, როგორც საჭიროა. თუმცა ამას ცოტა გამართლებაც სჭირდება...
- ამ ეტაპზე გაქვს რაიმე კონკრეტული შემოთავაზება?
- ჯერჯერობით ახალი არაფერია, თან სატრანსფერო ფანჯარაც არ გახსნილა...
- აღნიშნე, რომ მწვრთნელი ამბობდა, კარგად ვვარჯიშობდიო... თუმცა მაინც არ გათამაშებდა. როგორ ფიქრობ ამის მიზეზი რა იყო?
- მწვრთნელმა პირდაპირ მითხრა, რომ მოვწონდი, ყოველ ვარჯიშზე ვუმატებდი, თუმცა თამაში იმის გამო არ მიწევდა, რომ ფეხბურთელებს, რომლებიც მას გუნდში დახვდნენ, იცნობდა და მე – არა. მისი საუბრიდან გამომდინარე, უთამაშებლობის მიზეზი ცხადია ეს იყო. მე არ ვაპირებდი ასეთ თემებზე საუბარს და აქამდე არც მილაპარაკია, უბრალოდ, როდესაც “დუისბურგის” საიტზე ინტერვიუ ვნახე გამოქვეყნებული, ამის შემდეგ ვალდებული ვიყავი, რომ ის ყველაფერი მეთქვა, რაც სიმართლეა.
- ალბათ, როდესაც “დუისბურგთან” კონტრაქტს ხელს აწერდი, ასეთ მიდგომას ვერ წარმოიდგენდი...
- რა თქმა უნდა, ვერ ვიფიქრებდი, თორემ “დუისბურგში” საერთოდ არ წავიდოდი. თუმცა ფეხბურთია და ამაზე ბევრად უარესებიც მომხდარა და ჩემი ყურით მსმენია... ასე რომ, ერთხელაც არ მიფიქრია გაჩერება, ჩემს საქმეს ვაგრძელებ და ყოველთვის გავაგრძელებ. მე ფეხბურთს ვითამაშებ, რადგან ესაა ჩემი საქმე, ხოლო “დუისბურგის” სპორტულ დირექტორს ურჩევნია იმაზე იფიქროს, თუ როგორ ამოიყვანოს გუნდი მე-18 ადგილიდან...
- კარიერას უცხოურ გუნდში გააგრძელებ?
- სასურველია...
- ანუ, ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნებას არ გამორიცხავ...
- ამჟამად ამ თემაზე საუბარი არ შემიძლია.
- “დუისბურგში” გიორგი ჭანტურიას მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ, ბოლო დროს მასაც მცირე სათამაშო დრო ეთმობა...
- რომ გითხრათ, ჩემთან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ-მეთქი, მოგატყუებთ. ანუ, ურთიერთობის მხრივ. უბრალოდ თამაში არ მიწევდა და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. და ყველაზე საინტერესო ის განცხადებაა, რაც ჩემი წამოსვლის მერე სპორტულმა დირექტორმა გააკეთა...
- გერმანიაში დარჩენა არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი...
- ნამდვილად არ იქნებოდა. ვნახოთ რა მოხდება.
- სანამ ახალი გუნდი გამოგიჩნდება, ფორმის შესანარჩუნებლად რომელიმე ქართულ გუნდთან ერთად ივარჯიშებ, რაც აპრობირებული მეთოდია, თუ ინდივიდუალურად?
- სავარაუდოდ, ფორმის შესანარჩუნებლად რომელიმე ქართულ გუნდთან ერთად ვივარჯიშებ.