როგორც უკვე ვიუწყებოდით, ყატარის ღია პირველობის პირველი ტურის უმთავრესი სენსაციის ავტორი ნინო ბაციაშვილი გახდა. ქართველმა მოჭადრაკემ შავი ფიგურებით ყაიმი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან გააფორმა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში მოექცა. ბაციაშვილთან ცინცხალი ინტერვიუ ცნობილ საჭადრაკო ვებ-გვერდ Chess-news-ზე გამოქვეყნდა.
- ნინო, როდესაც დოჰაში მიემგზავრებოდით, თუ ფიქრობდით, რომ მსგავსი რამ შესაძლებელი გახლდათ?
- ვიცოდი, რომ იყო შანსი, პირველივე ტურში კარლსენს ან კრამნიკს შევხვედროდი, მაგრამ, იმაზე, რომ რომელიმე მათგანთან ყაიმს გავაფორმებდი, ნამდვილად არ მიფიქრია.
- თუმცა, როდესაც წილისყრა ჩატარდა და მეტოქედ კარლსენი გერგოთ, პარტიაზე როგორი განწყობით გადიოდით?
- განწყობა ასეთი იყო – მთავარი გახლდათ, რაც შეიძლება დიდხანს გამეძლო და მალევე არ წამეგო. იმის გარდა, რომ მეტოქე ძალიან ძლიერი იყო, თამაში შავი ფიგურებით მიწევდა, ეს კი, მძიმე დებიუტს მოასწავებდა.
- და შემდეგ? დაიწყო პარტია და სიტუაციას ნელ-ნელა ნათელი მოეფინა. ისევ მხოლოდ არწაგებაზე ფიქრობდით?
- ცხადია, არა. უშუალოდ თამაშისას თავში მხოლოდ კონკრეტული სვლები მიტრიალებდა. საერთოდ, აღარ ვფიქრობდი, რომ აუცილებლად უნდა წამეგო. უბრალოდ, დინჯად ვთამაშობდი და საბოლოოდ, ყველაფერი კარგად გამოვიდა.
- ე.ი. პარტიის მიმდინარეობისას მღელვარებამ უკანა პლანზე გადაინაცვლა?
- დიახ, ასე იყო.
- უშუალოდ საჭადრაკო ნაწილზე გადავიდეთ. პარტია როგორ წარიმართა? როგორ მოხდა, რომ მაგნუსმა თეთრი ფიგურებით გადამწყვეტ უპირატესობას ვერ მიაღწია?
- ვერ გეტყვით. მან “თეთრებით ვოლგის გამბიტი” წამოიწყო, მე კი ნორმალური პოზიცია აღმომაჩნდა. შემდეგ ენდშპილში გადავედით, სადაც თეთრებს ცოტა უკეთესი მდგომარეობა ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, როგორღაც გაძლება შევძელი (ტელეფონის ზარი ისმის).
- დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ გასული პარტიის გამო გირეკავენ. ბევრი მილოცვა მიიღეთ?
- დიახ, განსაკუთრებით ფეისბუქში აქტიურობენ (ისევ ტელეფონის ხმა).
- ნამდვილად არ გვიკვირს რაც ხდება. ხალხი რას გეუბნებათ? რაიმე მოულოდნელი მილოცვა ხომ არ მიგიღიათ?
- არაფერი ისეთი. უბრალოდ, ადამიანებმა ამბავი გაიგეს და მილოცავენ. მოულოდნელი ის იყო, რომ პარტია სულ ახალი დასრულებული იყო, როდესაც ფეისბუქზე მეგობრად დამატება ერთბაშად თხუთმეტმა ადამიანმა მთხოვა (იცინის).
- ვფიქრობთ, ეს მხოლოდ დასაწყისია...
- ალბათ, ასეა.
- დიდი ალბათობით, ისინი კარლსენის მეგობრები იყვნენ და ახლა მიხვდნენ, რომ სანაცნობო წრე უნდა გააფართოვონ.
- შესაძლოა.
- ისევ პარტიას დავუბრუნდეთ. თამაშამდე ის აზრი გიტრიალებდათ, რომ მალე არ წაგეგოთ. და როგორი განწყობა დაგეუფლათ ყაიმის დაფიქსირების შემდეგ?
- თითქმის ვერაფერს ვგრძნობდი. ალბათ, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი რამ მოვახერხე. ჩემთვის ის ფაქტიც, რომ მაგნუსთან თამაშის შესაძლებლობა მომეცა, დიდი პატივი გახლდათ. კიდევ როდის შეიძლება ეს მოხდეს? მასთან არწაგება კი ორმაგი ბედნიერება იყო.
- იქნებ დილეტანტური კითხვაა, მაგრამ მაინც საინტერესოა. გასაგებია, რომ პარტიის დაწყებასთან ერთად, მღელვარებამ გაიარა, თუმცა, გავიდა, 2, 3, 4 საათი და თქვენ მიხვდით, რომ პოზიცია თანაბარია, უპირატესობა არც ენდშპილში გამოიკვეთა და რაღაც მომენტში შავებისთვის უკეთესი მდგომარეობაც კი შეინიშნებოდა. აი, ამ დროს ისევ ხომ არ აღელდით? ბოლო-ბოლო მსოფლიოს ჩემპიონთან ყაიმი ძალიან ახლოს იყო!
- რაღაც მომენტში მაგნუსს ჩემი ეტლი მართლაც “გაეპარა” და მისი გააქტიურება მოვახერხე. არადა, კარგა ხანი მისი მხედარი d6-ზე იდგა, ჩემი ეტლი კი – d8-ზე და მას ვერაფერს ვუხერხებდი. და აი, კარლსენმა Nb5 ითამაშა, რადგანაც, როგორც მახსოვს, ჩემგან Ra8 ემუქრებოდა. ამ ენდშპილში გაგრძელებას ყაიმამდე უნდა მივეყვანეთ. თუმცა, როდესაც ეტლი მე-2 ხაზში გავიყვანე, ვიფიქრე, რომ მისთვის შამათის გამოცხადებაც კი შემეძლო. სამწუხაროდ, არ გამოვიდა. ის სიტუაციიდან მეფის საშუალებით გამოვიდა.
- ეს მომენტი უფრო დაწვრილებით გვაინტერესებს. როდესაც კარლსენის დამარცხების შანსი დაინახეთ, რა განწყობა დაგეუფლათ?
- ვერც ვერაფერი მოვასწარი, რადგანაც მან სწრაფადვე Ke1 ითამაშა და შანსიც გაქრა.
- ტურნირზე სამომავლო გეგმები როგორი გაქვთ? კიდევ ვისთან აპირებთ ყაიმის გაფორმებას? ანაც ფეისბუქზე რამდენი მეგობრის შემატებას ფიქრობთ?
- ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვითამაშებ.
- ამაში ვერ დაგეთანხმებით, რადგანაც დარჩენილი რვავე პარტია რომც წააგოთ (რასაც, ცხადია, არ გისურვებთ), არა მარტო – ტურნირის გმირად, არამედ ქართული ჭადრაკის ისტორიაში ახალო ფურცლის დამწერად დარჩებით. არ გამოვრიცხავთ, რომ მხოლოდ ამ 1 პარტიის გამოც, თბილისში საოცარ დახვედრას მოგიწყობენ, ყვავილებით და ტელეკამერების თვალწინ...
- ვერ გეტყვით. შესაძლოა, ასეც იყოს. ერთადერთი, რაც დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ტურნირი სულ ახლახანს დაიწყო და წინ კიდევ არაერთი პარტია მელის.
- ორიოდ სიტყვით ისიც გვითხარით, დოჰაში რა სიტუაციაა? რაიმე პრობლემას ხომ არ წაწყდომიხართ? ფოტოების მიხედვით, ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს.
- სასტუმრო ჩინებულია, სათამაშო დარბაზიც კარგია. იქ მისასვლელად მხოლოდ სამიოდ წუთია საჭირო. ამინდიც მზიანი და თბილია, ასე რომ, ყველაფერი კარგადაა.