ვიქტორ სანიკიძის დიდებული თამაში თურქეთის ჩემპიონატში. „თედ კოლეჯის“ ქართველმა ფორვარდმა თურქეთის უმაღლესი ლიგის მორიგი ტური მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა და თავისიანებს „ტურკ ტელეკომი“ დაამარცხებინა.
სანიკიძის ანკარულმა გუნდმა ჩემპიონატი მძიმედ დაიწყო, თუმცა ბოლო ხანებში გამარჯვებებს უხშირა და ცხრილში მნიშვნელოვნად დაწინაურდა. მორიგი ტურის მატჩში ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 27 წუთი გაატარა. სანიკიძემ 8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. სანიკიძემ მთლიანობაში 15 ქულა მოაგროვა, რასაც 13 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაყოლა.
სანიკიძეს გვერდში ედგნენ სხვა ლეგიონერები – ამერიკელი კალინ ლუკასი (22 ქულა), ხორვატი მარკო ტომასი (18), ლიტველი მარტინას გეჩევიჩისი (15) და გვინეელი ფრენკ ელეგარი (12).
სანიკიძის გუნდს 5 გამარჯვების წილ 7 მარცხი აქვს და ამ შედეგით თურქეთის ჩემპიონატში მე-9 ადგილზე იმყოფება. მორიგ ტურში, 23 დეკემბერს, „თედ კოლეჯი“ სტამბოლში „ბუიუქშეჰირს“ დაუპირისპირდება“.
www.gbf.ge