იტალიის სერია A-ს XVII ტურმა სტარტი ბოლონიაში აიღო, სადაც ადგილობრივმა გუნდმა დაძაბულ და თვალსასეირო თამაშში “ემპოლისთან” წააგო – 2:3.
უნდა ითქვას, რომ ლევან მჭედლიძის თანაგუნდელები უკვე აღარ ხუმრობენ – “ემპოლისთვის” “დალ არაზე” მოგებული თამაში მიჯრით მეოთხე გამოდგა და საერთოდაც, ბოლო 9 მატჩიდან ოდენ ერთი აქვთ წაგებული. შესაბამისად აღნიშნული სერია სატურნირო ცხრილზეც ისახება და მოკრძალებული ტოსკანური გუნდი მეექვსე ადგილზე აღზევდა!..
“ბოლონიასთან” შეხვედრას კი ერთი გმირი ჰყავდა: ვეტერანი მასიმო მაკარონე მეორე ახალგაზრდობას განიცდის და ამჯერადაც კაპიტანი თავისი გუნდის დირიჟორი გახლდათ. მაკარონემ ემილიელებს ორი გოლი გაუტანა და აღსანიშნავია, რომ პირველი გატანილი გოლი მეტად საოცრად აღნიშნა – ერთ დროს იტალიის ნაკრების კანდიდატმა სათადარიგო სკამთან მიირბინა და ლუდის სმას შეექცა... რაც შეეხება ლევან მჭედლიძეს, მან ვარჯიში ახლახან განაახლა და ამ შეხვედრაში განაცხადში არ ყოფილა.
“ბოლონიამ” კი თავის მხრივ ორმატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა, თუმცა რობერტო დონადონის დიდად სანერვიულო ჯერ არაფერი აქვს.
“ბოლონია” – “ემპოლი” 2:3 (2:2) (მიმოხილვა)
ბოლონია, “რენატო დალ არა”
მაყურებელი: 19 000
“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ოიკონომუ, როსეტინი, გასტალდელო, მაზინა; კრესეტიჯი (ფალკო 56), ტაიდერი, დონსა (პულგარი 72); ბრიენცა, დესტრო, მუნირი (მანკოსუ 85)
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი (ძამბელი 79), კოსტა, ტონელი, მარიო რუი; ზიელინსკი (კროჩე 85), ბუჩელი, პარედესი; საპონარა; პუჩარელი, მაკარონე (ლივაია 69)
მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო
გოლები: 0:1 პუჩარელი (24), 1:1 ბრიენცა (36), 1:2 მაკარონე (42), 2:2 დესტრო (45), 2:3 მაკარონე (49)
გაფრთხილება: პულგარი (74), ტაიდერი (88) – კოსტა (34), ლაურინი (56), სკორუპსკი (57), მარიო რუი (65)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 13 (10) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 9:6 თამაშგარე: 6:2
მსაჯი: მაურიციო მარიანი