ფეხბურთი

0:51 | 20.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი უქმეები: პაპუნაშვილის, შეყილაძისა და გრიგალაშვილის გოლები (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ს მე-19 ტურში წააგო ჯაბა კანკავას “რეიმსმა”, რომელიც სტუმრად კუნძულ კორსიკაზე, “ბასტიასთან” (0:2) დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა და ამჯერად ყვითელი ბარათი არ მიუღია. ამასობაში კი “რეიმსი” გასავარდნ ზონასთან ერთ ნაბიჯშია – კანკავას გუნდს 21 ქულით მე-17 ადგილი უკავია და სახიფათო ზონას მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.

გერმანიის III ლიგაში მეორე გოლი გაიტანა გიორგი პაპუნაშვილმა. ბრემენის “ვერდერის” სარეზერვო გუნდის შემტევმა ამჯერად “კოტბუსს” გაუტანა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და გიორგიმ 30-ე წუთზე იხეირა, როცა “მუსიკოსები” აგებდნენ, შესაბამისად თავისიანებს ქულა მოუპოვა. პაპუნაშვილი მოედანზე 77-ე წუთამდე იმყოფებოდა. “ვერდერს” 21 თამაშში ამდენივე ქულა დაუგროვდა და ბოლოსწინა, მე-19 პოზიციას იკავებს.

იტალიის ლეგა პროს B ჯგუფში ირაკლი შეყილაძემ “სიენასთან” გასვლით მატჩში დუბლი შეასრულა. ქართველმა ფორვარდმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა მე-20 და 85-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 21-ე წუთზე გაფრთხილება მიიღო. თავად შეხვედრა შეყილაძის “ტუტოჩუომ” 4:0 მოიგო და 23 ქულით მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა. ირაკლის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 6 გატანილი გოლი დაუგროვდა.

იტალიის ახალგაზრდულ სერია A-ში შედეგიანი სერია შეწყვიტა “ემპოლის” 19 წლის ფორვარდმა რომან ჭანტურიამ. ტოსკანელები სტუმრად “ტერნანას” დაუპირისპირდნენ და 1:3 წააგეს, ჭანტურიამ კი 90 წუთი ითამაშა. რომანს 11 ჩატარებულ თამაშში 12 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურში გოლით გამოიჩინა თავი შოთა გრიგალაშვილმა, რომელმაც გასვლაზე “ომონიას” გაუტანა, მაგრამ ეს გოლი სტუმრებს არაფერში წაადგათ და 1:2 დამარცხდნენ. შოთამ თავიდან ბოლომდე ითამაშა და ამასთან 28-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ახნასის” კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ბექა ტუღუში კი 81-ე წუთზე შეცვალეს. ნიქოზიელთა შორის ამჯერად განაცხადში ვერ მოხვდა უჩა ლობჟანიძე. “ომონიას” 26 ქულა აქვს და მეხუთეა, ხოლო “ახნასი” 11 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

იქვე, “პაფოსმა” თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ “აპოელს” უმასპინძლა და 0:1 წააგო. მასპინძელთა შორის მოედანზე 90-90 წუთი ითამაშეს ლევან ხმალაძემ, გია გრიგალავამ და როინ კვასხვაძემ, ხოლო ელგუჯა გრიგალაშვილი მინდორზე 70-ე წუთიდან გამოჩნდა. “აპოელი” 35 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერს ქულით ჩამორჩება, “პაფოსს” კი 11 ქულა გააჩნია და მეთორმეტეა.

ბელგიის იუპერ ლიგაში კვლავ არ უთამაშია თორნიკე ოქრიაშვილს, რომელიც 18 კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. თორნიკეს მსგავსად არ უთამაშია ლუკა ზარანდიასაც. “გენკმა” კი მათ გარეშე საკუთარ მოედანზე “სენტ ტრუიდენს” 3:0 მოუგო. “გენკი” 20 ტურის შემდეგ 28 ქულით მე-6 ადგილზეა.

საბერძნეთის სუპერლიგაში გიორგი მერებაშვილის გარეშე მოიგო “ვერიამ”, რომელმაც შინ “ასტერასი” (1:0) დაამარცხა. გიორგი მასპინძელთა განაცხადშიც არ ყოფილა. “ვერიას” 15 თამაშში 18 ქულა აქვს და მეათე პოზიციაზეა.

0.116888