ძიუდო

20:03 | 19.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქროთი და ბრინჯაოთი "ოქროს ლიგაში”

ძიუდოს საკლუბო ევროპირველობაზე პირველი ლიგის ჩემპიონი "საგარეჯო” გახდა. კიდევ ერთი ქართული კლუბი "შევარდენი” კი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა და ამ მიღწევით ორივე გუნდმა უმაღლესი - "ოქროს ლიგის” საგზური მოიპოვა. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გამართულ ევროკონკურენციაში მამაკაცთა შორის სულ 13 კლუბი ჩაება.

შეჯიბრებაში პირველ ნომრად განთესილი "საგარეჯო” საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და გროზნოს "ედელვაისი” 4:1 დაამარცხა. არადა შეხვედრა სტუმართათვის სასურველი სცენარით დაიწყო – 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა შავდათუაშვილი იაკუბ შამილოვთან ვაზარით დამარცხდა. საერთო ანგარიში ბექას ძმამ – ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) გაათანაბრა, საიდ სალაჰ საგაიპოვის ბეჭებზე გაკვრით. უშანგი მარგიანმა (81 კგ) ისმაილ საგაიპოვს უილეთო შეხვედრაში, ორი გაფრთხილების უპირატესობით აჯობა. საბოლოო გამარჯვების მომტანი ქულა კი ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილ გუნდს ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) მოუპოვა, ჩვეული ეფექტური მოგვერდით. საერთო გუნდურ მონაგარს თავისი წილი გამარჯვება მძიმეწონოსანმა ლევან მატიაშვილმაც შემატა, რომელმაც ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ტამერლან ბაშაევს აჯობა იპონით და "საგარეჯომ” 4:1 მოიგო.

ნახევარფინალში ცირეკიძის გუნდი ეკატერინბურგის "რატიბორეცს” დაუპირისპირდა. მწვრთნელმა უმსუბუქეს წონაში ბექა შავდათუაშვილის ნაცვლად ტატამზე გიორგი გუგულაშვილი გაიყვანა, მაგრამ ვერც მან შეძლო წარმატების მიღწევა - ივან სპირინთან ვაზარით წააგო. ლაშა შავდათუაშვილმა ალექსეი ასტაფიევს ვაზარი შეუსრულა და მხოლოდ იუკო დაუთმო. უშანგი მარგიანი კი მოულოდნელად, სერგეი რიაბოვთან იპონით დამარცხდა და რუსები ისევ დაწინაურდნენ.

ფინალის საგზურისთვის ორივე დარჩენილი შეხვედრის მოგება იყო აუცილებელი და ასეც მოხდა. ღვინიაშვილმა იური პანასენკოვს იუკოს გდება შებოჭვით დაუმთავრა. მატიაშვილმა კი შტეფან სარქისიანი ორჯერ დააგდო ვაზარიზე.

დილის პროგრამის წაუგებლად ჩაჭიდავებით "საგარეჯომ” მთავარი ამოცანა შეასრულა – გაისად "ოქროს ლიგაში” გამოსვლა გაინაღდა, თუმცა უმაღლესში უმაღლესი საფეხურით დასაწინაურებლად კიდევ ერთი გამარჯვება სჭირდებოდა, რომელიც უკვე საღამოს მოიპოვა, რუსეთის კიდევ ერთ კლუბთან – "ნალჩიკთან”.

ფინალში რუსები ორჯერ დაწინაურდნენ. ჯერ ანზორ არდანოვის მიერ ბექა შავდათუაშვილის (66 კგ) ძლევით, ხოლო შემდეგ, ასლან ლაპინაგოვის გამარჯვებით თამაზ კირაკოზაშვილთან (81 კგ). პირველად ანგარიში ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) გაათანაბრა, ოლეგ ბაბგოევთან უილეთო ბრძოლაში შიდოებით მოპოვებული გამარჯვებით, ხოლო მეორედ – ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ), შამირ გუჩაპშევისთვის შესრულებული ეფექტური სუფთა გდებით. პირველი ადგილის ბედი კი მძიმეწონოსანთა დაპირისპირებამ გადაწყვიტა. ლევან მატიაშვილმა არტურ ხაპცევი გააკრა ტატამს ბეჭებით და "საგარეჯომ” 3:2 იმარჯვა.

"შევარდენმა” ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, ტიუმენის "ნიუ სტრიმთან” წაგებით (1:4). გურამ მოდებაძის ახალგაზრდულმა გუნდიდან ერთადერთი ქულა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ფრიდონ გიგანმა მოიპოვა, არბი ხამხოევის იპონით ძლევით. თორნიკე ნაგლიაშვილი (66 კგ) გამოცდილ დენის ლავრენტიევს ტოლ-სწორად ებრძოლა, მაგრამ საფინალო გონგამდე 30 წამით ადრე ვაზარიზე დაეცა და ჩამორჩენას ვეღარაფერი მოუხერხა.

ანზორ ბიბილაშვილმა (81 კგ) ივან ვორობიოვთან წააგო, გიორგი გველესიანმა (90 კგ) – კომრონშოხ უსტოპირიონთან, ხოლო ონისე ბუღაძემ (+90 კგ) – სოსლან ბოსტანოვთან.

"ნიუ სტრიმთან” დაჭიდებამდე "შევარდენმა” ფრანგული "სუსი” ჩამოიშორეს (3:2). Gელა კელიხაშვილისა (66 კგ) და გიგანის (73 კგ) ბრძოლების შემდეგ მოდებაძის გუნდი ორქულიანი უპირატესობით დაწინაურდა, მაგრამ ბიბილაშვილმა (81 კგ) და ონისე სანებლიძემ (90 კგ) თავიანთი შეხვედრები წააგეს და გადამწყვეტი მძიმეწონოსანთა დაჭიდება გამოდგა, სადაც ბუღაძემ ანტონ ბრაჩევს ვაზარი-იუკოთი სძლია.

ბრინჯაოს გზაზე "შევარდენმა” სამი მეტოქე ჩამოიშორა: ჰოლანდიის "ნორდ ოსტი”, საფრანგეთის "სარტრუვილი” და რუსეთის "რატიბორეცი”. ყველა ერთნაირი ანგარიშით – 4:1. კელიხაშვილმა, გიგანმა და ბუღაძემ სამივე შეხვედრაში აიღეს ქულები. ბიბილაშვილმა "ნორდ ოსტთან” იმარჯვა, "სარტრუვილთან” წააგო, რეპეშაჟის ფინალი კი ტრავმის გამო გამოტოვა. 90 კილოგრამში კი ჰოლანდიელებთან ქართულ ხუთეულში ონისე სანებლიძემ იჭიდავა წარმატებულად, ხოლო ბოლო ორ ბრძოლაში საერთო გამარჯვებაში თავისი წვლილი Gიორგი გველესიანმა შეიტანა.

"ბრინჯაოს ფინალში” "შევარდენი” ტატამზე კაცნაკლული გავიდა და ერთადერთი ქულაც სწორედ ამის გამო დაკარგა.

მესამე საპრიზო ადგილითვე დაასრულა თბილისის ტურნირი გროზნოს "ედელვაისმა”.

ძიუდო

ევროპის საკლუბო პირველობა

პირველი ლიგა

თბილისი

19 დეკემბერი

კაცები

1 საგარეჯო (საქართველო)

2 ნალჩიკი (რუსეთი)

3 შევარდენი (საქართველო)

3 ედელვაისი (რუსეთი)

0.205913