ხვალ ვენასა და თბილისში ევროპის საკლუბო ძიუდოს უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებები გაიმართება. ავსტრია უმაღლეს - "ოქროს ლიგას” უმასპინძლებს და ევროპის უძლიერესი კლუბის ტიტულისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი "მებრძოლიც” იჭიდავებს. თბილისურ ახალ სპორტის სასახლეში კი პირველი ლიგის შეხვედრები შედგება და კაცებში "ოქროს ლიგის” 4 საგზურისთვის ბრძოლაში 13 კლუბი ჩაერთვება. მათ შორის "საგარეჯო” და "შევარდენი 2005”.
კაცების პარალელურად, უმაღლესი ლიგის საგზურების მოსაპოვებლად ტატამზე ქალთა 6 გუნდიც გავა. მასპინძლებს ამ შემთხვევაში საქომაგო გუნდი არა, მაგრამ ორი ძიუდოისტი კი გვეყოლება: მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) და ელენე ქებაძე (+70 კგ), რომლებიც "ტრაბზონსფორის” რიგებში იჭიდავებენ.
პირველი ლიგის შეხვედრები სპორტის ახალ სასახლეში დილის 11:00 საათიდან დაიწყება. ფინალური ბლოკი კი 17:30 საათისთვისაა დაგეგმილი.
ცოტა ხნის წინ, სასტუმრო "Gოლდენ Pალაცე”-ში თბილისური ტურნირის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, რომ პირველ ნომრად განთესილი "საგარეჯო” საქმეში მეორე წრიდან – მეოთხედფინალიდან ჩაებმება, გროზნოს "ედელვაისსა” და საფრანგეთის "ნაის”-ს შორის მოგებულთან შეხვედრით.
"შევარდენი” სატურნირო ბადეში საპირისპირო მხარეს მოხვდა და შეჯიბრებას ფრანგულ "სასთან” დაჭიდებით გახსნის. გამარჯვების შემთხვევაში კი მეოთხედფინალში შეჯიბრებაზე მეორე ნომრად განთესილ ტიუმენის "ნიუ სტრიმს” შეხვდება.
აქვე სამივე ქართული კლუბის შემადგენლობები:
მებრძოლი
66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი და ამირან პაპინაშვილი
73 კგ - ნუგზარ ტატალაშვილი და შალვა ქარდავა
81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი და ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ - ვალერი ლიპარტელიანი და ზვიად გოგოჭური
+90 კგ - ადამ ოქრუაშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი და გურამ თუშიშვილი
საგარეჯო
66 კგ - გიორგი კაციაშვილი და ბექა შავდათუაშვილი
73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი კაციაშვილი
81 კგ - უშანგი მარგიანი, კობა მჭედლიშვილი და თამაზ კირაკოზაშვილი
90 კგ - ბექა ღვინიაშვილი
+90 კგ - ლევან მატიაშვილი
შევარდენი
66 კგ - გელა კელიხაშვილი და თორნიკე ნაგლიაშვილი
73 კგ - ფრიდონ გიგანი და გიგა გიგაური
81 კგ - ლევან გუგავა და პაატა ბიბილაშვილი
90 კგ - ონისე სანებლიძე და გიორგი გველესიანი
+90 კგ - ონისე ბუღაძე.