არ არსებობს დედამიწაზე ერი, რომელიც საკუთარი შვილების მომავალს არ უფრთხილდება ქართველების გარდა...21-ე საუკუნეში 25 სტადიონს რომ გაყიდი დედაქალაქში და 10 ათას ბავშვს ქუჩაში დატოვებ, ამაზე მეტი ღალატი და მტრობა გაგონილა??? დიახ, 25 მარტო ასმეტრიანი სტადიონი გაქრა ან გაქრება თბილისში, პატარა სტადიონებს ხომ თვლა არა აქვს.. ბაქოში და ერევანში კი პირიქით, 20-20 ახალი სტადიონი გაკეთდა... მერე გვიკვირს, აზერბაიჯანული გუნდები რატომ გვიგებენო... მალე სომხებიც ულაპარაკოდ მოგვიგებენ, ესტონელებმა ხომ მთელ მსოფლიოში თავი მოგვჭრეს ამასწინათ და 0-3 გაგვაცამტვერეს....
სწორედ ესტონელებისაა ფირმა „საბა“, რომელმაც 10 წლის წინ ჯიქიას ქუჩაზე რამდენიმე ჰექტარი მიწა იყიდა და გარს შემოარტყა კორპუსები ოლიმპის ბაზას, სადაც 4 სტადიონია ( 1 დიდი და 3 პატარა), ორი საცურაო აუზი, სატრენაჟორო დარბაზი, ღამის განათება და საფეხბურთო ინფრასტუქტურისთვის აუცილებელი ყველა დეტალი... თავს საშუალო სკოლა გადმოჰყურებს, სადაც ბავშვები შესვლისთანავე „იწამლებიან“ ფეხბურთით...როგორც ვიცი, 4 მილიონად იყიდეს ესტონელებმა ეს მიწა და რატომ ათმაგი არ ამოიღეს უკვე, მაგრამ ფულმა მიჩვევა იცის და ესტონელები გაჩერებას არ აპირებენ- შემოთვალეს- მშენებლობას ვიწყებთ და თავში ქვა გიხლიათ, სადაც გინდა იქ წაიყვანეთ ბავშვებიო... ამიტომაც დააწერეს პატარებმა ცოცხალი ჯაჭვით- HABI, რაც ესტონურად სირცხვილს ნიშნავს... არადა, ვიცი ესტონელები ჩვენი მეგობრები არიან და ეს ხალხი ნუთუ ასეთ ცოდვას დაიდებს?
გუშინ ქუდზე კაცი შეიკრიბა ჯიქიას ქუჩაზე, მე ვიტყოდი - ქუდზე ბავშვიც... პატარებმა თავიანთი დაწერილი პლაკატები მოიტანეს, რომელთაც აუცრემლებლად ვერ წაიკითხავ კაცი... ერთ თითისტოლა ბიჭს ორი თავისხელა პლაკატი ეჭირა, დავწვდი და ხელში ავიყვანე- ალექსი ჩიქობავა გამოდგა, 7 წლის, ცალი თირკმელი არ ჰქონია და მისი ერთადერთი სიხარული ფეხბურთი ყოფილა, არადა ალექსის, მისი მეგობრების და ჩვენი შვილების მომავლის გასანადგურებლად უკვე მიყენებულია ბულდოზერები მოედანს...
პ.ს. მადლობა ღმერთს, საკრებულოში მუშაობენ ქეთევან ჯოხაძე, ლადო ძნელაძე, შალვა ოგბაიძე, ლაშა მიმინოშვილი და მათნაირი გულიანი ხალხი, რომელთანაც შეხვედრამ იმედი ჩამისახა, რომ ეს პატრიოტი ხალხი ყველაფერს იღონებს და ჩვენს შვილებს არა მარტო სტადიონს, არამედ მომავალს შეუნარჩუნებს!
მამუკა კვარაცხელია
უეფას მედია ოფიცერი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი