რაგბი

16:15 | 18.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვასილ ლობჟანიძე “ბრივში” გადავიდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე ტოპ 14-ის ერთ-ერთი ლიდერის, “ბრივის” წევრი ოფიციალურად გახდა.

ამრიგად, , საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონში ქართული ლეგიონი ერთი მოთამაშით გაიზარდა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის შერკინების პირველხაზელი კი არა, ნახევარდაცვის მოთამაშია. მთლიანობაში, თითებზე ჩამოსათვლელი არიან უკანა ხაზის მოთამაშეები, რომელთაც ამ დონეზე უთამაშიათ, 9 ნომერი კი, არათუ პირველ, მეორე ელიტარულ ლიგაშიც არ გვყოლია.

ესაა ლოგიკური შედეგი იმ პროგრესისა, რომელიც ლობჟანიძემ ბოლო 1 წლის განმავლობაში განიცადა. ის ეროვნულ ნაკრებში 2015 წლის დასაწყისში გამოჩნდა და ერთა თასის ექვსივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მერე 20-წლამდელთა გუნდთან ერთად მსოფლიო თასის “ალაფის” მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, 18 წლისა და 340 დღისას კი, დებიუტი ჰქონდა მსოფლიო თასზე და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ამ ტურნირში ითამაშა.

მაგრამ მსოფლიო თასზე მისი თამაშისას მხოლოდ დებიუტზე საუბარი არ არის. ის იყო წარმატებული გუნდის, “ბორჯღალოსნების” ძირითადი 9 ნომერი და ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა - ტონგასთან, არგენტინასთან და ნამიბიასთან სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან შეცვლაზე ითამაშა. ლობჟანიძე მოხვდა მსოფლიო თასის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბეთა ნომინაციაში, სამ საუკეთესო მორაგბეს შორის და ფაქტობრივად, ოქტომბერშივე გადაწყდა, რომ კარიერას “ბრივში” გააგრძელებდა, მაგრამ ამ დრომდე მშობლიურ კლუბში, თბილისის “არმაზში” თამაშობდა და ძალები მგეზავადაც მოსინჯა.

ახლა ახალგაზრდა ქართველი, რომლის ანგარიშზეც უკვე 10 სანაკრებო კეპია, ოფიციალურად გახდა “ბრივის” წევრი, რომელთანაც 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და შეუერთდა ამ გუნდის სამ ქართველ ლეგიონერს - კარლენ ასიეშვილს, გიორგი ჟღენტს და გოდერძი შველიძეს. ლობჟანიძეს კლუბთან “ესპუარების” კონტრაქტი აქვს გაფორმებული, მაგრამ ეს მას პირველ გუნდში თამაშში ხელს არ შეუშლის.

0.117237