ლონდონის “ჩელსის” გამოცდილი ჰოლანდიელი სპეციალისტი გუუს ჰიდინკი გაწვრთნის. იგი ლონდონელთა თავკაცის პოსტზე გუშინ გათავისუფლებულ ჟოზე მოურინიოს ჩაანაცვლებს. მართალია, აღნიშნული ინფორმაცია “არისტოკრატებს” ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, მაგრამ 69 წლის ჰიდინკი უკვე ლონდონში ჩაფრინდა და კონტრაქტსაც უახლოეს ხანებში გააფორმებს.
გარდა ამისა, ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა ჰიდინკს “ჩელსის” მთავარ მწვრთნელად დანიშნვა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ჰიდინკი “ჩელსის” მიმდინარე სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. სხვათა შორის, ჰოლანდიელისთვის “სტემფორდ ბრიჯი” ნაცნობი ადგილია – იგი 2009 წელსაც წვრთნიდა “ჩელსის”, როცა ასევე სეზონის მიმდინარეობისას დათხოვილი ლუიშ ფელიპე სკოლარი შეცვალა. მაშინ გუუსმა “ლურჯებს” ინგლისის ასოციაციის თასი მოაგებინა. ბოლოს კი მხცოვანი სპეციალისტი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, საიდანაც წარუმატებელი შედეგების გამო ზაფხულში დაითხოვეს.