სხვა

14:00 | 18.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუსიას დაბრუნება და ჩიქოვანის 13 გოლი

უცხოეთში მოთამაშე ქართველი ხელბურთელებისთვის 2015 წელი დასრულდა. საშობაო არდადაგების შემდეგ, 2016 წლის იანვარში ევროპის ჩემპიონატია, საკლუბო სეზონი კი ამის მერე განახლდება. მთავარი სიახლე ისაა, რომ ორთვიანი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ვლადიმერ რუსია.

რუსია პირადი პრობლემების გამო ვერ თამაშობდა და ამ დროს მისი რუმინული კლუბი, ოდორჰეი გამოეთიშა ჩელენჯ კაპის გათამაშებას, რომლის გამარჯვებულიც იყო 2014-15 სეზონში. პირველივე წრეში ოდორჰეის მეტოქე იყო პორტუგალიის ბრაგა, რომელსაც შარშან ფინალში მოუგო, თუმცა, ახლა ორჯერ დამარცხდა - 24-25 და 22-25.

სამაგიეროდ, ოდორჰეიმ ზედიზედ ექვსჯერ გაიმარჯვა რუმინეთის ჩემპიონატში და არდადაგების წინ 39 ქულით მეორე ადგილზეა (ლიდერობს ბუქარესტის დინამო, 44 ქულა). სტიაუას, ტიმიშოარასა და პლოეშტის დამარცხებებში რუსია არ მონაწილეობდა. ის დაბრუნდა შარშანდელ ჩემპიონთან, ბაია მარესთან სტუმრად მოგებულ მატჩში (25-24) და 6 გოლიც გაიტანა, 6 დაამატა ფოჩანისთან (33-28), ხოლო 4 - ვასლუისთან (33-27). სულ რუსიამ რუმინეთის ჩემპიონატის 17-დან 9 მატჩში ითამაშა და 35 გოლი დაუგროვდა. ამის შემდეგ, ოდორჰეიმ რუმინეთის თასის მერვედფინალში 24-20 მოუგო ტიმიშოარას და ქართველი ინსაიდის ანგარიშზე 2 გოლი იყო.

თასზე არ უთამაშია ტიმიშოარას ლიდერს, ირაკლი ჩიქოვანს, რომელსაც იქამდე ჩემპიონატში 3 ძალიან კარგი თამაში ჰქონდა: ირაკლიმ 13 გოლი გაუტანა ტურდას (29-15), 7 - პლოეშტის (25-25) და 8 - სტიაუას (28-26). წინა სამ მატჩში ტიმიშოარა დამარცხა ბუქარესტის დინამოსთან (26-27, ჩიქოვანმა 5 გაიტანა), ოდორჰეისთან (25-26, 3) და ფრედ ეთამაშა ბუქარესტს (26-26, 3). პოლიტექნიკა 17 თამაშიდან 26 ქულით (8 მოგება, 2 ფრე, 7 წაგება) პლეიოფში გამსვლელ, მეშვიდე ადგილზეა, ხოლო ქართველ უკანახაზელს 17 თამაშში 102 გოლი აქვს და კლუბის საუკეთესო ბომბარდირია.

მეოთხე ადგილზეა მეკარე შოთა თევზაძის კლუბი, რეშიცა (10/1/6, 31 ქულა), რომელიც თასის მეოთხედფინალშიცაა გასული. ბოლო 6 მატჩიდან რეშიცამ 4 მოიგო და ამაში დიდი წვლილი კლუბის ძირითადმა მეკარემ შეიტანა.

თურქეთის ჩემპიონატში რატი მსხვილიძის კლუბი, ტრაბზონის თუთუნსფორ აქჩაბათი 12 მატჩიდან 3 მოგებითა და 6 ქულით მე-11 ადგილზეა და პლეიოფშ გამსვლელ მერვე პოზიციას 7 ქულა აშორებს. ბოლო 4 მატჩიდან აქჩაბათმა მოიგო მხოლოდ ერთი, მილი პიანგოსთან, სადაც ქართველი ინსაიდის ანგარიშზე 7 გოლი იყო. თურქეთის რიგით მეორე ლიგის კლუბ ქარაბუქთან კონტრაქტი გააფორმა ქართველმა მეკარემ, ირაკლი ხიდეშელმა, რომელიც შარშან აქჩაბათში თამაშობდა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიგაში წარუმატებლად გამოდის რევაზ ჭანტურიას მაკედონიური კლუბი, სტრუმიცა, რომელსაც მთელი სეზონია, ფინანსური პრობლემები აქვს, სეჰა-ლიგაში 14 მატჩიდან მხოლოდ 2 დაასრულა ფრედ და ბოლო ადგილზეა. ქართველ გარემარბს სეზონში 46 გოლი აქვს და არაა, გამორიცხული, არდადაგების დროს კლუბი გამოიცვალოს.

დაბოლოს, ორი ქართველი თამაშობს აზიაში. 37 წლის სერგო დათუკაშვილმა სეზონი სერბეთის ვოივოდინაში დაიწყო, შემდეგ მცირე ხნით სერბეთისვე მეტალოპლასტიკაში გადავიდა, მაგრამ სანაკრებო პაუზის შემდეგ ერაყში მოაწერა კონტრაქტს ხელი. ირანის ჩემპიონატში, თავრიზის კლუბში გამოდის აკაკი ტალახაძე.

0.118587