საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა რუმინეთში პირველი მატჩი გამართა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდის პირველი მეტოქე ბულგარეთის ნაკრები იყო, რომელთანაც ქართველები დაძაბულ ბრძოლაში - 63:67 დამარცხდნენ.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე - „ბალკანეთის მომავალი ვარსკვლავი“ - სათამაშოდ იმყოფება. ტურნირში 7 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც 2 ქვეჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო „ბ“ ჯგუფშია ბულგარეთისა და რუმინეთის მეორე ნაკრებთან. „ა“ ჯგუფში კი თავი თურქეთმა, კვიპროსმა, უნგრეთმა და რუმინეთის პირველმა ნაკრებმა მოიყარეს.
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრები ბოლო წუთებზე დამარცხდა. 63:63 ანგარიშზე ქართველებმა დასანანი ბურთები დაკარგეს და მოგების შანსი გაანიავეს. არადა, ტუღუშის გუნდმა პირველი მეოთხედი 22:17 მოიგო და თითქმის მთელი პირველი ნახევარი ლიდერობდა, თუმცა ბულგარელთა ტანმაღალი ცენტრის, ცვეტომირ ჩერნოკოჟევის აქტიურობით ბულგარელებმა ლიდერობა მოიპოვეს.
მესამე პერიოდში ქართველებმა მოახერხეს ანგარიშის თანაბარ კალაპოტში დაბრუნება და როგორც ზემოთ გითხარით, ბოლო წუთზე დაშვებული შეცდომების გამო შეხვედრა დათმეს. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო კლუბ „იბერის“ წევრი ირაკლი სულხანიშვილი, რომელიც თანაგუნდელებზე ერთი წლით პატარაა, მაგრამ გამორჩეული მონაცემების გამო 16-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს.
სულხანიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32 წუთში 28 ქულა დააგროვა. 20 ქულა და 6 ჩაჭრა მიითვალა ოთარ პერტაიამ. ბულგარელებს ზემოთხსენებულმა ჩერნოკოჟევმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 19 დეკემბერს, რუმინეთის ნაკრებთან გამართავს.
საერთაშორისო ტურნირირი. ბუქარესტი. 17 დეკემბერი
საქართველო 63:67 ბულგარეთი
www.gbf.ge