ფეხბურთი

17:33 | 17.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

დე ხეა “მანჩესტერში” უთანხმოებას უარყოფს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა, მიუხედავად 5-მატჩიანი მოუგებელი სერიისა ამბობს, რომ გუნდის ფეხბურთელებს შორის ერთიანობა არ დარღვეულა.

ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი, გულშემატკივრებმა და ექსპერტებმა მცვავედ გააკრიტიკეს. უფრო მეტიც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელთა ნაწილს მისი მუშაობის მეთოდები არ მოწონს და ამან გასახდელში დაძაბულობა წარმოშვა. სწორედ ეს ინფორმაცია უარყო დე ხეამ.

“ჩვენს გასახდელში მშვენიერი ატმოსფეროა. ჩვენ ერთიანები ვართ და ერთმანეთს ვამხნევებთ. გუნდში ძალიან კარგი ბიჭები არიან შეკრებილნი და შემადგენლობით ყველანი კმაყოფილნი ვართ. ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესია გუნდისთვის, რომელსაც სერიოზული მიზნები აქვს” - ამბობს 25 წლის მეკარე.

გუნდის თავდამსხმელ უეინ რუნის, ტერფის ტრავმის გამო სამი თამაშის გამოტოვება მოუხდა, თუმცა, დე ხეა მას მაინც საკვანძო ფიგურად მიიჩნევს: “უეინი, ჩვენი კაპიტანი დიდებული პიროვნებაა. ის ყოველთვის ცდილობს ჩვენს მოტივირებას. როდესაც საქმე კარგად არ მიდის, მუდამ გვამხნევებს”.

შაბათს “მანჩესტერი” ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში “ნორვიჩს” მასპინძლობს და მეკარე ირწმუნება, რომ გუნდი საჩემპიონო რბოლაში დაბრუნდება: “მიმდინარე ჩემპიონატში გამარჯვება ძალიან რთულია და არაერთი გუნდი იბრძვის ტიტულისთვის. გვსურს, აპრილში ვიყოთ ისეთ პოზიციაზე, რომელიც ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსს მოგვცემს. სწორედ ამაზე ვმუშაობთ ყველანი ერთად”.

0.118878