საქართველოში სტუმრად მყოფმა რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავია მორარიუმ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც თბილისს ესტუმრა და რაღა თქმა უნდა, გვერდი ვერ აუარა საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებს.
რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ქართული რაგბის სიყვარულზე და მის პროგრესზე ბევრი ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა მის წინსვლაში სრკ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის, გიორგი ნიჟარაძის წვლილი. მისი ვიზიტის მიზეზი ნიჟარაძის მხარდაჭერა არ ყოფილა, მაგრამ შექმნილ ვითარებაში არაერთხელ დააფიქსირა, რომ რაგბი ევროპა და მსოფლიო რაგბი კონკრეტულად გიორგი ნიჟარაძეს ენდობა და მომავალში, საქართველოში რაგბის განვითარება პირადად მისდამი ამ ნდობას დაუკავშირა.
მორარიუ რაგბი ევროპის პრეზიდენტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრია, საქართველოში კი, ის მსოფლიო რაგბის სახელითაც ჩამოვიდა.
ოქტავია მორარიუ: “მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტით და ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. აქ ჩამოსვლა ჩემში ყოველთვის დიდ ემოციებს იწვევს. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ თბილისში პირველად 1982 წელს, მოთამაშის რანგში ვიყავი და საქართველოსადმი ჩემი სიყვარულიც აქედან იღებს სათავეს. მას შემდეგ აქ მინმუმ 15-ჯერ მაინც ვიყავი და თუ ვინმე უცხოელმა იცის ქართული რაგბი, ერთ-ერთი პირველი სწორედ მე ვარ.
საქართველოს რამდენიმე საკითხის გასარკვევად ვეწვიე. პირველი ესაა რაგბი ევროპის კონგრესი, რომელიც თბილისში 2016 წლის ივნისში უნდა გაიმართოს. ეს კონგრესი უმნიშვნელოვანესია მთელი ევროპისთვის და სწორედ აქ ჩამოყალიბდება და კენჭი ეყრება რიგ კანონებს, რომელმაც მსოფლიო რაგბისთან უნდა დაგვაახლოვოს. საქართველო რაგბი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი წევრია და არა მხოლოდ ნაკრები გუნდების წარმატების, არამედ ძლიერი მენჯმენტის გამო.
საუბარია იმ პიროვნებათა ჯგუფზე, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და კონგრესის თბილისში ჩატარება სწორედ მათი დამსახურებაა. ქართული რაგბი მოედანს გარეთაც წარმატებულია და ესაა უმთავრესი. აქ უმნიშვნელოვანესია გიორგი ნიჟარაძის წვლილი, რომელიც დაუღალავად იბრძვის მოედანს მიღმა წარმატებებისთვის. ზემოთ ახალი კანონები ვახსენეთ, რომლებიც შეეხება გამჭვირვალე მმართველობას, ანტიდოპინგურ და ანტიკორუფციულ საქმიანობას და სხვა მიმართულებებს, რომლებმაც მსოფლიო რაგბისთან უნდა დაგვაახლოვოს. ეს იქნება ახალი, ეფექტური ინსტრუმენტი ჩვენს ორგანიზაციაში და მის ჩამოყალიბებაში გიორგის წვლილი უდიდესია.
ქართულ რაგბის სჭირდება რაგბი ევროპა და რაგბი ევროპას ასევე სჭირდება ქართული რაგბი. რაგბი კი ადამიანებისგან შედგება და ამ შემთხვევაში რაგბი ევროპას სჭირდება გიორგი ნიჟარაძე. ქართული და რუმინული რაგბი ერთად მიდის მსოფლიო რაგბისკენ და ახალი კანონებით იმას მივაღწევთ, რომ ჩვენ ვიჯდებით მსოფლიო რაგბის მაგიდასთან. საქართველოს და რუმინეთს ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო რაგბიში გადაწყვეტილებების მიღებაში და ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.
აქ უკვე პირადი კონტაქტები უდიდეს მნიშვნელობას იძენს და ის ფაქტი, რომ ქართულ რაგბს გიორგი ნიჟარაძე წარმოადგენს, ასევე უმნიშვნელოვანესია. ხალხი მას ენდობა, ენდობა როგორც მის სიტყვას, ასევე მოქმედებას, ნდობაზე კი, ბევრი რამაა დამოკიდებული. საქართველომ და რუმინეთმა დიდ რაგბიში უნდა შეაბიჯონ, ისეთში, როგორც 6 ერი, პირველი დონის გუნდებთან თამაშია და რთული საქმეები სწორედ ახლა იწყება. ყველაზე რთული მიღწეულის შენარჩუნებაა და ამისათვის ქართულ რაგბის სჭირდება ნიჟარაძე და ერთიანობა. დიახ, ჩემთვის ერთიანობის და წინსვლის გარანტი სწორედ ნიჟარაძეა.
საქართველოში ვიზიტის მეორე მიზეზი 20-წლამდელთა მსოფლიო თასია, რომელსაც 2017 წელს თქვენმა ქვეყანამ უნდა უმასპინძლოს. ამ მიზნით, იანვარში, თბილისში საკოორდინაციო შეხვედრა უნდა გაიმართოს. კითხვები გაჩნდა დამატებით, სავარჯიშო მოედნებთან დაკავშირებით და აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. პრემიერი დამპირდა, რომ ყველაფერი დათქმულ ვადებში მოგვარდება და ამით ბედნიერი ვარ. საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც ძლიერია და შეუძლია მაღალი დონის ტურნირების ორგანიზება, რომ ხდება სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა. საქართველომ უნდა აჩვენოს ხარისხი მოედანს მიღმა.
2016-17 წლებში, საქართველო ყურადღების ქვეშ უმთავრესად სწორედ მოედანს მიღმა იქნება. პრემიერთან შეხვედრისას იმაზეც ვისაუბრეთ, რომ საქართველოს ნაკრებს 2019 წლის მსოფლიო თასისთვის, რომელზე თამაშის უფლებაც უკვე მოიპოვეთ, განსაკუთრებული მომზადება დასჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ნაკრებმა მანამდე მაღალი დონის თამაშები ჩაატაროს. და აქაც გიორგი ნიჟარაძის როლი და ნდობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ გვწამს, რომ მას თამაშების მაღალ დონეზე ორგანიზება შეუძლია. მე საათობით შემიძლია ქართულ რაგბიზე საუბარი, რომელიც ძალიან მიყვარს”.
ოქტავიუს დაუსვეს კითხვა, თუ რა უნდა იყოს უმთავრესი იმ ადამიანისთვის, რომელიც სრკ-ს პრეზიდენტობისთვის საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს და რას ურჩევდა ის ახალ კანდიდატს, რაზეც მორარიუმ უპასუხა:
“უნდა შეძლოს ერთიანობის შენარჩუნება და სწორედ ესაა უმნიშვნელოვანესი. მან უნდა აიღოს საუკეთესო განვლილი პერიოდიდან, გადაიტანოს ის მომავალში და განავითაროს. მნიშვნელოვანია კარგად ესმოდეს საერთაშორისო კონტექსტი. მას უნდა ჰქონდეს გამოცდილება და შეძლოს ინტეგრირება”.