ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის მიზეზებს განმარტავს. როგორც აბუსერიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის ჭორებია, რომელიც მის კანდიდატურასთან დაკავშირებით აგორდა.
"ჩემთვის რაგბი და რაგბის ფასეულობები ძალიან მნიშვნელოვანია. წინასაარჩევნო პერიოდს ბევრი ჭორი ახლდა, ბევრი სირთულე იყო. წლების განმავლობაში გუნდურად მოვდიოდით და არ მინდოდა ამ გუნდურობაში რაიმე ბზარი გაჩენილიყო. ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. ნამდვილად არ მიღირს არანაირი სათავე თუ თანამდებობა იმისთვის, რომ ამ ერთიანობას ბზარი გაუჩნდეს", - განაცხადა აბუსერიძემ.
მისივე თქმით, ჭორები შეთხზეს, რომ ის სახელისუფლებო კანდიდატი იყო.
"ჩარევის წინააღმდეგი რომ ვარ, ეს განცხადებაზე ჩემი ხელმოწერითაც დავადასტურე. ამ ჭორების და იმ ჩირქის მოცხობის გამო მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. ერთი წელია ხელისუფლებაში ვარ, ცხოვრების ნახევარზე მეტი კი რაგბიში გავატარე და რა შუაშია ის განცხადებები, რომ მე სახელისუფლებო კანდიდატი ვიყავი? რადგან ხელისუფლებაში ვარ, უფლება არ მქონდა რომ პრეზიდენტობისთვის მებრძოლა?!", - განაცხადა აბუსერიძემ.
მისივე თქმით, მასსა და მეორე კანდიდატს, გიორგი ნიჟარაძეს შორის არანაირი შეხვედრა და კომუნიკაცია კანდიდატურების მოხსნასთან დაკავშირებით არ ყოფილა.
აბუსერიძე თბილისის საკრებულოში უმრავლესობის წევრია. ასევე რაგბის კავშირის სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებს, სადაც მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.
ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურები გუშინ მოხსნეს. არჩევნებში სხვა კანდიდატები არ მონაწილეობდნენ, რის გამოც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის 20 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნები, სავარაუდოდ, გადაიდება.
www.interpressnews.ge