კალათბურთი

0:26 | 16.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძე ისევ საუკეთესოა

ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ-გოლდში მხოლოდ 12 ტურია ჩატარებული, ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე კი ტურის საუკეთესო მოთამაშედ უკვე მესამედ დასახელდა. ამჯერად, მან პირველობა “ბრეოგანის” წევრ სერხიო ლორენტესთან ერთად გაიყო.

ბექას ეს აღიარება “კასერესთან” ჩინებულად ჩატარებული შეხვედრის გამო ერგო, რომელიც მისმა “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” 85:75 მოიგო.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 27 წუთი დაჰყო და ორმაგი დუბლი შეასრულა: 26 ქულა, 10 მოხსნა (5 შეტევაში), 1 პასი. ბურჯანაძემ 13-დან 8 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 27-ს გაუტოლდა.

საინტერესოა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 18.9 ქულას აგდებს, რითაც მთელს ლიგაში მხოლოდ “პალმას” წევრ რიკარდო გუილენს (21.2) ჩამორჩება.

ისიც ვთქვათ, რომ ბექა თამაშიდან 64.4%-იანი მაჩვენებლით უტევს, ზუსტი სამქულიანების პროცენტი კი 42.4-ს უტოლდება. “ლეიმა ბასკეტ კორუნას” მომდევნო მატჩი 16 დეკემბერს ელის, როდესაც “ბარსელონას” II გუნდს ესტუმრება.

0.116611