იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სერია A-ს 2014-2015 წლების სეზონი შეაჯამა, საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა და გასული სეზონის სიმბოლური ნაკრებიც შეადგინა. ნომინაციების აბსოლუტური უმრავლესობა ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსის” ამჟამინდელმა ანაც აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელებმა მოიგეს. საუკეთესო 11 ფეხბურთელშიც 7 წარმომადგენელი სწორედ “ბებერ ქალბატონს” ჰყავს.
საუკეთესო მეკარე კარიერაში მეთორმეტედ ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი გახდა, ხოლო დაცვაში მისი თანაგუნდელები ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი და დანიელე რუგანი გამოარჩიეს. თუმცა ეს უკანასკნელი შარშან “ემპოლის” ღირსებას იცავდა. რაც შეეხება მარჯვენა მცველს, ამ ნომინაციაში “ტორინოს” ექსფეხბურთელმა, ახლა კი “მანჩესტერ იუნაიტედში” მოთამაშე მატეო დარმიანიმ იმარჯვა.
ნახევარმცელთაგან “იუვეს” მოთამაშეები გამოირჩნენ. კერძოდ, პოლ პოგბა და ახლა უკვე “ნიუ-იორკ კოსმოსის” წევრი ანდრეა პირლო, მესამე შუახაზელის ადგილი კი “რომას” ბელგიელმა ლეგიონერმა რაჯა ნაინგოლანმა შეავსო.
შეტევაში კარლოს ტევესთან ერთად გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირები ლუკა ტონი და მაურო იკარდი გამოარჩიეს (ორივე მათგანმა 22-22 გოლი გაიტანეს და “კაპოკანონიერეს” ტიტული გაიყვეს).
საუკეთესო მწვრთნელად “იუვენტუსის” თავკაცი მასიმილიანო ალეგრი აღიარეს.
რაც შეეხება ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს, ასეთად არგენტინელი ტევესი დასახელდა, ხოლო სერია B-ს იგივე ნომინაციაში “ბოლონიას” მცველმა ადამ მაზინამ გაიმარჯვა, საუკეთესო ქალ ფეხბურთელად მელანია გაბიადინი (“ნაპოლის” შემტევ მანოლოს და) აღიარეს, საუკეთესო მსაჯად კი ნიკოლა რიცოლი დასახელდა.