კალათბურთი

0:12 | 15.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 8 ქულა ჩემპიონთან მოგებულ მატჩში

თურქეთის საკალათბურთო ლიგის მე-10 ტურის დასკვნით მატჩში მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა” “პინარ ქარშიაქას” ესტუმრა და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს დრამატულ მატჩში 74:73 სძლია.

აღსანიშნავია, რომ მარკოიშვილის კლუბი საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე 4 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა, მიზანს მაინც მიაღწია. გამარჯვების მომტანი სამქულიანი ამერიკელმა სკოტი ვილბეკინმა მატჩის დასრულებამდე 1 წამით ადრე ჩააგდო. საბოლოოდ, მას 15 ქულა მოუგროვდა, კიდევ ერთმა ამერიკელმა უკანახაზელმა ჯეიმონტ ლუკასმა კი 21 ქულა მიითვალა.

წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა მანუჩარმაც, რომელსაც სტამბოლური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ოკტაი მაჰმუდიმ დიდი ნდობა გამოუცხადა და დასკვნით მეოთხედში შეუცვლელად ათამაშა.

საბოლოოდ, ქართველმა მცველმა მოედანზე 27:42 წუთი დაჰყო და 8 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა. მარკოიშვილმა 2-დან 1 ორქულიანი და 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, პასივში კი 3 პერსონალური ფოლი ჰქონდა.

“დარუშაფაკამ” 6 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და თურქული გრანდების – “გალათასარაის”, “ფენერბაჰჩეს” და “ანადოლი ეფესის” შემდეგ, სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. მარკოიშვილს კლუბს მომდევნო მატჩი 20 დეკემბერს ელის, როდესაც სტამბოლურ დერბიში “ბეშიქთაშს” უმასპინძლებს.

0.13359