ფეხბურთი

19:26 | 14.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” VS  “ბაიერნი”: გრანდების შესაბამისი მოლოდინი

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილებიდან ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინტერესს ტურინის “იუვენტუსისა” და მიუნხენის “ბაიერნის” დაპირისპირება იწვევს. აფიშა ასეთია: უდიდესი ისტორიისა და ჩინებული შემადგენლობის მქონე გუნდები.

არავინ იცის, ვინ, როგორ ფორმაში იქნება თებერვალში, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნული შეხვედრა ნაადრევ ფინალადაც კი შეგვიძლია მოვნათლოთ. ბევრისთვის გერმანული გრანდი აშკარა ფავორიტია, რასაც საფუძველი ნამდვილად გააჩნია, მაგრამ სხვა თუ არაფერი, “იუვე” შარშანდელი ფინალისტია და არც წელს ტოვებს ურიგო შთაბეჭდილებას. თანაც, “ბებერ ქალბატონს” “რეკორდმაისტერთან” რევანში მართებს – 2012-2013 წლების სეზონის მეოთხედფინალში “ბაიერნმა” იტალიელებს ორივე მატჩი მოუგო (2:0, 2:0), ხოლო 2009-2010 წლების სეზონში კი ჯგუფში ჩატოვა, როცა ტურინში 4:1 გაიმარჯვა (მანამდე მიუნხენში თამაში ფრედ, 0:0 დასრულდა).

ეს ბოლო წლებში, თუმცა მანამდე ამ გუნდთა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას “იუვენტუსი” ფლობდა – 2004-2005 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე შავ-თეთრებმა შინაც მოიგეს და გერმანიაშიც, ერთნაირი ანგარიშით – 1:0. ერთი წლის მერე, იმავე ეტაპზე კი, ჯერ “ბაიერნმა” მოიგო საკუთარ მოედანზე 2:1, შემდეგ უკვე “იუვენტუსმა” იმვე ანგარიშით...

ორივე გუნდის ღირსებას ისეთი ფეხბურთელები იცავენ, რომელთათვისაც “ბაიერნიცა” და “იუვენტუსიც” ნაცნობი გახლავთ. კერძოდ, არტურო ვიდალი და კინგსლი კომანი ტურინელთა რიგებში ირჯებოდნენ, გასულ ზაფხულს კი, მიუნხენს მიაშურეს. თავის მხრივ, ხორვატი მარიო მანჯუკიჩი “ბაიერნში” თამაშის გამოცდილებას ფლობს. მიუნხენური გიგანტი უცხო არც გერმანელი სამი ხედირასთვის უნდა იყოს, რომელსაც სანაკრებო თანაგუნდელები “ალიანს არენზე” ჰყავს.

მოკლედ, “იუვენტუსი” – “ბაიერნის” თამაშებით გულშემატკივარმა წესით დიდი სიამოვნება უნდა მიიღოს, მანამდე კი, თვალი გადავავლოთ თუ როგორ აფასებენ კენჭისყრას ორივე გუნდის წარმომადგენლები, რომელთაგანაც “ბაიერნის” წევრები სჭარბობენ – გერმანელებმა ემოციები და მოსაზრებები თავიანთ ტვიტერის ოფიციალურ გვერდებზე გააჟღერეს.

მასიმილიანო ალეგრი: “შეგვიძლია თუ არა, საჭიროა ევრო-იუვე და ვარსკვლავური იუვე ვიხილოთ თებერვალში”.

პაველ ნედვედი: “რთულ ჯგუფში ვიყავით, რომელიც პრობლემების გარეშე გავიარეთ და პირველი ადგილისთვის ბოლომდე ვიბრძოდით. ველოდი, რომ გაცილებით ადვილი მეტოქე შეგვხვდებოდა, მაგრამ ისეთი გუნდი არ არსებობს, რომელთანაც თამაში არ შეიძლება. ასეთი რამ ფეხბურთში არ ხდება”.

არტურო ვიდალი: “ძალიან ბენდიერი ვარ! შესანიშნავი თამაშები იქნება, ტურინში კი მეგობრები ჯერ კიდევ მყავს”.

კინგსლი კომანი: “იუვენტუსთან” შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ. მიუნხენში სწორედ ასეთი თამაშებისთვის გადმოვედი. ადვილი მეტოქე არ არსებობს, თუ ფინალში გასვლა გინდა, მაშინ ნებისმიერ ეტაპზე უნდა გაიმარჯვო”.

პეპ გვარდიოლა: “იუვენტუსი” ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ცუდი სტარტის მერე, მათ ჩინებული მენტალიტეტი დაგვანახეს. დღეიდან თებერვლამდე კიდევ ორი თვეა დარჩენილი და ახლა არ შემიძლია ვიცოდე რა მოხდება. ვფიქრობ, შანსები 50%-50%-ზეა”.

ფილიპ ლამი: “იუვენტუსი” გასულ სეზონში ფინალში გავიდა, შესაბამისად ძალიან რთული თამაშები გველოდება”.

ტომას მიულერი: “ბიანკონერისთან” დაპირისპირება ჩემში კარგ მოგონებებს აღძრავს”.

ტიაგო ალკანტარა:მიყვარს ეს სპორტი! ბრწყინვალე მატჩები გველოდება”.

ჟერომ ბოატენგი: “ტაქტიკურად წარმოუდგენლად ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ მჯერა, რომ ფავორტები ვართ”.

რობერტ ლევანდოვსკი: “შესაძლოა, თეორიულად ფავორიტები ვართ, მაგრამ რეალურად ასე არაა. არავინ იცის, ვინ გავა შემდეგ ეტაპზე”.

ფრანც ბეკენბაუერი: “შესაძლო მეტოქეებიდან “იუვენტუსი” ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩვენ მათ კარგად ვიცნობთ და ეს უპირატესობას გვანიჭებს”.

მათიას ზამერი: “იტალიელებს 2012-2013 წლების სეზონშიც ვეთამაშეთ, სეზონში, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. სეზონის ცუდი დაწყების მერე, “იუვე” კარგ ფორმაში შევიდა. თუ გვინდა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ, მაშინ თებერვალში ტოპ კონდიციებში უნდა ვიყოთ”.

0.161201