ჩემპიონთა თასის ჯგუფურ ეტაპზე სამი ტური მიილია, მაგრამ ქართველი ლეგიონერების ფრანგული კლუბების უმეტესობას თითო თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, რომლებიც იანვრის დასაწყისში გაიმართება და ჯგუფის ლიდერებიც ამის შემდეგ გამოიკვეთება.
სამივე თამაში აქვს ჩატარებული პირველ ჯგუფში ვასილ კაკოვინის “ტულუზს” და მისი ჯგუფიდან გასვლის შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა. განვლილ ტურში ფრანგული კლუბი”ოლსტერს” ირლანდიაში ეწვია და 0:38 დამარცხდა. მასპინძლებმა პრემიალური ქულაც აიღეს, რაც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
კაკოვინი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 49 წუთი ითამაშა. ამ პერიოდში მან 3-ჯერ შეუტია და ჯამში ბურთიანად 4 მეტრი გაიარა. მან 11 ბოჭვა შეასრულა და არცერთი გაცუდებია, თუმცა, მის გუნდს ჯამში 26 გაცუდებული ბოჭვა მოუგროვდა. ქართველ ბუჯს ერთი თერნოვერი შეემთხვა და ერთხელ დაჯარიმდა. ირლანდიელებმა 16 ათასი მაყურებელი 5 ლელოთი გაახარეს და 20 დეკემბერს იმავე “ტულუზს” საფრანგეთშიც თუ აჯობეს, ჯგუფის ორი მოწინავე ახლავე გამოიკვეთება.
მეორე ჯგუფში დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილისა და იური ნატრიაშვილის “კლერმონი”ინგლისში “ექსეტერთან” 14:31 დამარცხდა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მასპინძლებმა მატჩის მიწურულს მე-4 ლელო გაიტანეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს, თუმცა ფრანგებისთვის დაკარგული ჯერ არაფერია. არადა, თავიდან “კლერმონისთვის” ყველაფერი კარგად დაიწყო და 35-ე წუთისთვის ისინი 14:3 იგებდნენ, მაგრამ 1 ლელო შესვენებამდე, ხოლო კიდევ 3 მეორე ტაიმში გაუშვეს. აქედან 2 დასკვნით 7 წუთში, თორემ მანამდე სტუმრები მხოლოდ 3 ქულას აგებდნენ და მინიმუმ პრემიალური ქულის აღების კანდიდატები იყვნენ.
ზირაქაშვილი ტრავმირებულია, კოლელიშვილი კი, სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა და სრულად ითამაშა. ვიტოს უმეტესად დაცვაში მოუწია თამაში და საკუთაი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველი მესამეხაზელის ანგარიშზე მატჩში ყველაზე მეტი, 21 ბოჭვაა და ერთიც არ გაცუდებია! არადა, ჯამში “კლერმონმა” 201 ბოჭვა შესრულა და 28 გაუცუდდა, რამაც საბოლოოდ მისი მარცხი განაპირობა.
მესამე ჯგუფში ქართველი ლეგიონერების ორივე გუნდმა მოიგო. აქ ლიდერი დავით ხინჩაგიშვილის “რასინგია”, რომელმაც ორივე თამაში მოიგო და თანაც ორივე პრემიალური ქულით. განვლილ ტურში პარიზელებმა ინგლისურ “ნორთჰემპტონს” უმასპინძლეს და 33:3 სძლიეს. ქართველ ბურჯს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. სამაგიეროდ, “რასინგში” დენ კარტერის დებიუტი შედგა, რომელმაც 4-იდან 3 გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ფრანგებმა პრემიალური მე-4 ლელო მეორე ტაიმის დებიუტშივე გაიტანეს, სულ ბოლოს კი, ინგლისელთა ჩათვლის მოედანი მეხუთედაც დაალელოვეს.
ამავე ჯგუფში პრემიალური ქულით იმარჯვა შალვა მამუკაშვილის “გლაზგო უორიორსმა”, რომელმაც უელსურ “სკარლეტს” 43:6 აჯობა. მასპინძლებმა 6 ლელო გაიტანეს და აქედან 5 დასკვნით ნახევარ საათში. სწორედ ამ პერიოდში გატეხეს შოტლანდიელებმა მეტოქე, თორემმანამდე მხოლოდ 10:6 იგებდნენ. მამუკაშვილმა შეცვლაზე 9 წუთი ითამაშა და დროის გათვალისწინებით, აქტიური იყო. მან ამ პერიოდში 3-ჯერ შეუტია, 3 მეტრი გაიარა და ერთი იერიშისას მბოჭავს დაუსხლტა.
მეოთხე ჯგუფი ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსემ” იტალიაში “ბენეტონს” 7 ლელო გაუტანა და 50:17 დაამარცხა. ჟვანიამ შეცვლაზე 47-ე წუთიდან ითამაშა, მალე სტუმრებმა თავისი ბოლო ლელო გაიტანეს და 50:0 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც მოეშვნენ და მასპინძლებს ანგარიშის შელამაზების საშუალება მიეცათ. ჟვანიამ 33 წუთში ორჯერ შეუტია და 3 მეტრი გაიარა, დაცვაში კი, 10 ბოჭვა შეასრულა და არცერთი გაფუჭებია. მან ერთხელ თერნოვერიც გაახერხა, მაგრამ 3-ჯერ დაჯარიმდა.
მეხუთე ჯგუფში მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონმა” ირლანდიურ “ლენსტერს” 24:9 მოუგო. გორგოძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ჩილაჩავა თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და 40 წუთი გაისარჯა. ირლანდიელები სამჯერ დარჩნენ 10-10 წუთით კაცნაკლული, მაგრამ ფრანგებმა მხოლოდ 2 ლელო გაიტანეს, ტაიმში თითო და პრემიალური ქულა ვერ აიღეს. მეორე ლელო “ტულონმა” საფინალო სასტვენამდე 1 წუთით ადრე დადო.
რაც შეეხება პირად სტატისტიკებს, გორგოძე ტრადიციულად აქტიური იყო, 9-ჯერ შეუტია და ჯამში ბურთით 20 მეტრი გაარა. მამუკას დაცვაში თამაში დიდად არ მოუწია. სამაგიეროდ, დერეფანში ბურთს უმეტესად მასზე აგდებდნენ და ქართველმა 5 მოწოდება მოიგო. ჩილაჩავამ 2-ჯერ შეუტია და ორივეჯერ პასი გააკეთა. მის ანგარიშზეა 4 ბოჭვა. თასის მფლობელი “ტულონი” ჯგუფში ჯერჯერობით მე-3 ადგილზეა და ერთ კვირაში ირლანდიაში უწევს თამაში.
2015/2016 წლის ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასი. III ტური
I ჯგუფი
ოლსტერი (ირლანდია) - ტულუზი (საფრანგეთი) 38:0
ოიონაქსი (საფრანგეთი) - სარასენსი (ინგლისი) 10:45
1. | სარასენსი (ინგლისი) | 3 | 3 | 0 | 0 | 104:26 | 14 |
|
2. | ოლსტერი (ირლანდია) | 2 | 1 | 0 | 1 | 47:27 | 5 |
|
3. | ტულუზი (საფრანგეთი) | 3 | 1 | 0 | 2 | 31:88 | 4 |
|
4. | ოიონაქსი (საფრანგეთი) | 2 | 0 | 0 | 2 | 28:69 | 1 |
მომდევნო ტური. 19-20 დეკემბერი
სარასენსი (ინგლისი) - ოიონაქსი (საფრანგეთი); ტულუზი (საფრანგეთი) - ოლსტერი (ირლანდია)
II ჯგუფი
ექსეტერი (ინგლისი) - კლერმონი (საფრანგეთი) 31:14
ოსპრეიზი (უელსი) - ბორდო (საფრანგეთი) 19:16
1. | ექსეტერი (ინგლისი) | 3 | 2 | 0 | 1 | 78:58 | 10 |
|
2. | ოსპრეიზი (უელსი) | 3 | 2 | 0 | 1 | 73:63 | 10 |
|
3. | კლერმონი (საფრანგეთი) | 2 | 1 | 0 | 1 | 48:60 | 5 |
|
4. | ბორდო (საფრანგეთი) | 2 | 0 | 0 | 2 | 35:53 | 1 |
მომდევნო ტური. 19-20 დეკემბერი
ბორდო (საფრანგეთი) - ოსპრეიზი (უელსი); კლერმონი (საფრანგეთი) - ექსეტერი (ინგლისი)
III ჯგუფი
გლაზგო უორიორსი (შოტლანდია) - სკარლეტსი (უელსი) 43:6
რასინგი 92 (საფრანგეთი) - ნორთჰემპტონი (ინგლისი) 33:3
1. | რასინგი (საფრანგეთი) | 2 | 2 | 0 | 0 | 62:15 | 10 |
|
2. | ნორთჰემპტონი (ინგლისი) | 3 | 2 | 0 | 1 | 44:59 | 8 |
|
3. | გლაზგო უორიორსი (შოტლანდია) | 2 | 1 | 0 | 1 | 58:32 | 5 |
|
4. | სკარლეტსი (უელსი) | 3 | 0 | 0 | 3 | 29:87 | 1 |
მომდევნო ტური. 18-19 დეკემბერი
ნორთჰემპტონი (ინგლისი) - რასინგი 92 (საფრანგეთი); სკარლეტსი (უელსი) - გლაზგო უორიორსი (შოტლანდია)
IV ჯგუფი
ბენეტონ ტრევიზო (იტალია) - სტად ფრანსე (საფრანგეთი) 17:50
მანსტერი (ირლანდია) - ლესტერ თაიგერსი (ინგლისი) 19:31
1. | ლესტერ თაიგერსი (ინგლისი) | 3 | 3 | 0 | 0 | 100:42 | 14 |
|
2. | სტად ფრანსე (საფრანგეთი) | 2 | 1 | 0 | 1 | 70:50 | 5 |
|
3. | მანსტერი (ირლანდია) | 2 | 1 | 0 | 1 | 51:38 | 5 |
|
4. | ბენეტონ ტრევიზო (იტალია) | 3 | 0 | 0 | 3 | 27:118 | 0 |
მომდევნო ტური. 19-20 დეკემბერი
სტად ფრანსე (საფრანგეთი) - ბენეტონ ტრევიზო (იტალია); ლესტერ თაიგერსი (ინგლისი) - მანსტერი (ირლანდია)
V ჯგუფი
ტულონი (საფრანგეთი) - ლენსტერი (ირლანდია) 24:9
უოსპსი (ინგლისი) - ბათი (ინგლისი) 23:25
1. | უოსპსი (ინგლისი) | 3 | 2 | 0 | 1 | 88:37 | 10 |
|
2. | ბათი (ინგლისი) | 2 | 2 | 0 | 0 | 44:39 | 8 |
|
3. | ტულონი (საფრანგეთი) | 2 | 1 | 0 | 1 | 30:41 | 4 |
|
4. | ლენსტერი (ირლანდია) | 3 | 0 | 0 | 3 | 31:76 | 1 |
მომდევნო ტური. 19 დეკემბერი
ბათი (ინგლისი) - უოსპსი (ინგლისი); ლენსტერი (ირლანდია) - ტულონი (საფრანგეთი)