კალათბურთი

20:41 | 13.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვითას” სამოცქულიანი მარცხი

თბილისის “ვითამ” ვთბ-ლიგაში ზედიზედ მე-12 მარცხი განიცადა, თუმცა, წაგებაცაა და წაგებაც – მინუს 60 ქულა (59:119) შინაურ კედლებში ჩეხურ “ნიმბურკთან” უკვე ყველანაირ ზღვარს სცდება.

“ვითას” მთავარ მწვრთნელ პაველ გოოგეს განაცხადში ამჯერად 10 კალათბურთელი ჰყავდა, რომელთაგან მოედანზე მხოლოდ 7 გავიდა. მათ შორის აღარ ყოფილა გუნდის საუკეთესო მოთამაშე პიერია ჰენრი, რომელიც გუნდში ბოლო ამერიკელი ლეგიონერი გახლდათ...

მასპინძელთა რიგებში 20 ქულით საუკეთესო ირაკლი ჩლაიძე იყო, რომელმაც შეუცვლელად (!) ითამაშა. ვლადისლავ სტარატელევმა 17 ქულა ჩააგდო, ლევან შენგელიამ კი 10 ქულა მიითვალა. ქართულ კლუბს მხოლოდ 10 შედეგიანი პასი ჰქონდა და ბურთი 23-ჯერ დაკარგა, მეტოქის ანალოგიური მაჩვენებლები კი 34 და 6 გახლდათ.

ცხადია, “ვითას” ტურნირზე ბოლო ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 19 დეკემბერს ყაზახეთში “ასტანასთან” ჩაატარებს.

0.126282