საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების და ამავდროულად შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის "მებრძოლის" წევრები, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი ტოკიოში გამართული ძიგორო კანოს სახელობის პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირიდან - გრან სლემიდან ოქროს და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ.
პრიზიორ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ.
აღსანიშნავია, რომ 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ავთანდილ ჭრიკიშვილი ტოკიოს გრან სლემის პირველი ქართველი ჩემპიონია საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ. ბოლოს ქართველმა ძიუდოისტმა ოქროს მედალი ტოკიოს გრან სლემზე 1982 წელს მოიპოვა, როდესაც ტურნირის ჩემპიონი დავით ბოდაველი გახდა.
4-6 დეკემბერს გამართულ ტოკიოს გრან სლემზე მე-5 ადგილზე გასვლა და სარეიტინგო ქულების მოპოვება შეძლეს ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), ბექა ღვინიაშვილმა (100 კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100 კგ).
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი - "მებრძოლი", შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით, 2014 წლის მაისში დაარსდა. კლუბის წევრთა უმრავლესობა მსოფლიო ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორია. კლუბმა დაარსების პირველივე წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური