კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი ხორვატიაში წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. ფეხბურთელმა sportske novosti-ს პრიზი მიიღო.
“ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რადგან ასეთი კარგი წელიწადი გამომივიდა. ეს პრიზი დიდი მოტივაციაა, რათა მომავალ წელს კიდევ უფრო კარგად ვიასპარეზო.” – განუცხადა რაკიტიჩმა “ბარსელონას” ოფიციალურ ვებგვერდს.
მიმდინარე წელს რაკიტიჩმა ესპანეთში ლა ლიგა და სამეფო თასი მოიგო. ევროტურნირებზე კი ჩემპიონთა ლიგასა და უეფას სუპერ თასზე იმარჯვა. ამავდროულად, ივანს შეუძლია დეკემბერში, მსოფლიოს საკლუბო თასის მფლობელიც გახდეს.
ეროვნული ნაკრების დონეზე კი რაკიტიჩი და მისი ხორვატი თანაგუნდელები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.
“ბარსელონას” ნახევარმცველი დავორ შუკერის და მარიო მანჯუკიჩის შემდეგ მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ხორვატიაში წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მოიპოვა.