ფეხბურთი

19:21 | 12.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანახაობა და დაძაბულობაც ეს იყო

“საბურთალო”-“ტორპედოს” შეხვედრაში 8 გოლი გავიდა, საბოლოოდ 4:4 დასრულდა და ორივე გუნდი ცხრილის შუაში დარჩა – ერთმანეთის მეზობლად. საგოლე მომენტების მხრივ, მასპინძლებს აშკარა უპირატესობა ჰქონდათ და პირველ ტაიმში დაახლოებით 7-ჯერ შეეძლოთ გატანა, თუმცა შესვენებისას სულაც აგებდნენ.

ჯერ იმას ვიტყვით, რომ “ბენდელაზე” ჰოლანდიური “ვიტესის” წარმომადგენლები იყვნენ მოსულნი. ისინი 19 წლის საბურთალოელ ნახევარმცველ გიორგი ხარაიშვილს აკვირდებოდნენ და “რობიმ” (ხარაიშვილის მეტსახელი) მათ იმედი არ გაუცრუა. მომენტებში ისე თამაშობდა, მაღალი კლასის ფეხბურთელს რომ შეეფერება.

საწყის 10 წუთში მასპინძლებს ორი რეალური შანსი ჰქონდათ: ხარაიშვილი დატრიალდა საჯარიმოს მისადგომებთან, ორი მცველი მოატყუა და დაარტყა, თუმცა მეკარე ტარიელ ხაინდარავამ მოიგერია ბურთი. შემდეგ ნიკა საბანაძის კარგ გარღვევასა და პასს მოჰყვა გურამ გოშთელიანის პირისპირ გასვლა და ისევ ხაინდარავამ იმარჯვა.

და ამ დროს ანგარიში სტუმრებმა გახსნეს: გიორგი ქიმაძემ ფლანგზე იაქტიურა, საჯარიმოში შეაგორა ბურთი და იქ ლაშა შინდაგორიძის დარტყმული აუღებელი იყო – 0:1.

დაახლოებით ხუთ წუთში გიორგი კოხრეიძემ მშვენიერი პასი მიაწოდა საბანაძეს, რომელსაც ხაინდრავამ აუღო. ხაინდრავას საქმე არ ელეოდა, თუმცა მალევე უძლური გახდა: ხარაიშვილმა უზადოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა და 1:1.

გახსნილი თამაში გაგრძელდა და ჯერ ტორპედოელ ირაკლი კლიმიაშვილს, მერე კი ისევ ხარაიშვილს არ გაუმართლა. 22-ე წუთზე “საბურთალო” დაწინაურდა: ლაშა თოთაძემ დაახლოებით 50-მეტრიანი პასი გააკეთა, კოხრეიძემ მკერდით ჩამოიღო ბურთი და დარტყმაც ტექნიკურად მიაწყოლა. 2:1.

ისე ჩანდა, რომ “ტორპედო” სტატისტის როლში იყო, რადგან “საბურთალო” გაცილებით აზრიანად და მწვავედ უტევდა. და მაინც, ქუთაისელებმა გაათანაბრეს: კაპიტანმა გიორგი კუხიანიძემ დაახლოებით 35 მეტრიდან თავზე გადაუგდო ბურთი წინ გამოსულ მეკარე ლუკა სანიკიძეს.

ხოლო ტაიმის ბოლო წუთებზე შინდაგორიძე მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში და შორეულ კუთხეში გაისროლა – 2:3. არადა, სანამ ქუთათურები მესამე გოლს გაიტანდნენ, კიდევ იყო მომენტები. მასპინძელთაგან გოშთელიანმა ვერ აჯობა მეკარეს, ხოლო სტუმართაგან მშვენიერ კონტრშეტევას დავით კირკიტაძე ასრულებდა და ააცილა.

მეორე ტაიმში ამდენი საგოლე მომენტი აღარ ყოფილა, თუმცა სამი გოლი მაინც გავიდა. აი, მე-60 წუთზე შინდაგორიძეს კონტრშეტევისას უკეთ რომ დაერტყა, ალბათ, საბურთალოელებს გაუჭირდებოდათ მატჩის გადარჩენა, ასე კი, მასპინძლებმა თამაში შემოაბრუნეს. მეორე ნახევარში კარგად ათამაშდა ბექა გვარაძე, მარჯვენა ფლანგიდან აქტიურად უტევდა და გოლიც შეაგდო: გოშთელიანთან გაითამაშა კედელი, საჯარიმოში შევიდა და მცველებთან ჭიდილში მოახერხა ბურთისთვის ფეხის წაკვრა – 3:3.

დარჩენილ 25 წუთში “საბურთალო” მეტს უტევდა და 79-ე წუთზე დაწინაურდა კიდეც: 17 წლის კოხრეიძემ შორიდან, არცთუ ხელსაყრელი პოზიციიდან მაღალ კუთხეში დაარტყა და მეკარე ვერ მისწვდა. მშვენიერი გოლი იყო – 4:3. თუმცა ერთ წუთში “ტორპედოს” ნახევარმცველმა დათა სიჭინავამ საჯარიმო შეასრულა, დარტყმა აუღებელთა კატეგორიას ნაღდად არ განეკუთვნებოდა, მაგრამ ლუკა სანიკიძემ ვერ მოახერხა მოგერიება – 4:4.

მოგებასთან ახლოს მასპინძლები იყვნენ, ისევ იაქტიურა გვარაძემ, ელვინ ტერას გააყოლა ბურთი, რომელმაც ჩააწოდა და გოშთელიანმა თავით დარტყმა ვერ მოახერხა – ბურთს ასცდა. იდეალური შანსი იყო.

“ვიტესის” წარმომადგენელთა გარდა, მატჩს “საბურთალოს” ყოფილი ხელმძღვანელები, ამჟამად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ასევე, სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირიც ესწრებოდნენ.

E

12.12. 2015. 14:00 საათი. თბილისი. “ბენდელა”

“საბურთალო “ (თბილისი) – “ტორპედო” (ქუთაისი) 4:4 (2:3)

საბურთალო: სანიკიძე, ბიძინაშვილი (ტერა 56), მარგველაშვილი, თოთაძე, სოფრომაძე, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი, კოხრეიძე, გვარაძე, საბანაძე (ფანცულაია 46; რუხაძე 84), გოშთელიანი

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ტორპედო: ხაინდრავა, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ნიკონოვი, ქიმაძე, კირკიტაძე (სიჭინავა 67), კუხიანიძე, ფურცხვანიძე (ბრეგვაძე 46), კლიმიაშვილი, შინდაგორიძე, კვერნაძე (ბაბუნაშვილი 46)

მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი

გოლები: 0:1 შინდაგორიძე (11), 1:1 ხარაიშვილი (17), 2:1 კოხრეიძე (22), 2:2 კუხიანიძე (28), 2:3 შინდაგორიძე (42), 3:3 გვარაძე (66), 4:3 კოხრეიძე (79), 4:4 სიჭინავა (80)

გაფრთხილება: კლიმიაშვილი (66), ფანცულაია (66), ბაბუნაშვილი (74), ტერა (90)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

0.12067