ევროპის 2017 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი, წელს გამართული ტურნირის მსგავსად, ოთხ ქვეყანაში ჩატარდება. გერმანიის ქალაქ მიუნხენში ფიბა-ევროპას სხდომაზე, კონტინენტის მომავალი პირველობის მასპინძლებად ფინეთი, ისრაელი, რუმინეთი და თურქეთი გამოაცხადეს.
ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სხდომის წევრებმა ტურნირის ისევ რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად გამართვის გადაწყვეტილება ევრობასკეტ 2015-ის უპრეცედენტო წარმატების გათვალისწინებით მიიღეს.
ჯგუფური ეტაპის მატჩები ოთხივე ქვეყანაში გაიმართება, დასკვნითი რაუნდი კი თურქეთში, სტამბულის “აბდი იპეკჩი არენაზე” და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის აგებულ “სინან ერდემ არენაზე”.
ევრობასკეტ 2017-ის მასპინძლობისთვის აღნიშნულ ოთხ ქვეყანასთან ერთად პოლონეთიც იბრძოდა.
მომავალ ტურნირზე თამაშის უფლება უკვე დაბევებული აქვთ ბოლო ევრობასკეტის საუკეთესო შვიდეულში გასულ ესპანეთს, ლიტვას, საფრანგეთს, სერბეთს, საბერძნეთს, იტალიას და ჩეხეთს.
დანარჩენები, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრებიც, ფინალურ რაუნდში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირში იბრძოლებენ. შესარჩევის წილისყრა დაგეგმილია 22 იანვარს. ფინალურ ეტაპზე, ტრადიციულად, 24 გუნდი ითამაშებს.