სერბეთის “პარტიზანის” გენერალურმა დირექტორმა მილოშ ვაზურამ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით გადადგა.
სერბული გამოცემა Tanjug-ის ცნობით, “პარტიზანის” ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება გუნდის ევროპის ლიგიდან გავარდნის შემდეგ მიიღო.
“პარტიზანი” ევროპის ლიგას საკუთარ მოედანზე “აუგსბურგთან” 1:3 მარცხის შემდეგ დაემშვიდობა, არადა, მინიმალური სხვაობით მარცხის შემთხვევაშიც კი, სერბები 1/16-ფინალში გადიოდნენ. საფინალო სასტვენისთანავე გულშემატკივრებმა VIP-ლოჟის ბლოკირება მოახდინეს და კლუბის ხელმძღვანელობის გადადგომა მოითხოვეს, რაც შესრულდა კიდეც. ახალი ხელმძღვანელები 30 დღის ვადაში უნდა დაინიშნონ.
გამოცემის ინფორმაციით, კლუბის გენერალურმა დირექტორმა მილოშ ვაზურამ “აუგსბურგთან” მარცხის შემდეგ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მან იქვე განაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლიუბინკო დრულოვიჩი თანამდებობაზე რჩებოდა და მუშაობას გააგრძელებდა.
“პარტიზანისთვის” სასტიკი დღეა. ყველაზე მეტად დამნაშავე კლუბის ხელმძღვანელობაა და ამიტომ, ჩვენ მივდივართ. მწვრთნელი დრულოვიჩი გუნდში რჩება” - თქვა ვაზურამ.