კალათბურთი

0:37 | 12.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის უქულო მატჩი მოსკოვში

მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა” ევროლიგის მორიგ ტურში ქართველი კალათბურთელის ყოფილ კლუბ ცსკა-ს ესტუმრა და უშანსოდ დამარცხდა – 66:94 (მე-3 მეოთხედში – 7:29). ამასთან, წარმატებული თამაში მანუსაც არ ჰქონია.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, პერსონალური ფოლები მალევე აკრიფა და საბოლოოდ, მოედანზე მხოლოდ 14:08 წუთი გაატარა.

მარკოიშვილმა მეტოქის ფარს საშუალო დისტანციიდან ერთადერთხელ შეუტია და ისიც არაზუსტად. მანუჩარის აქტივში თითო მოხსნა, ჩაჭრა და პასი იყო, პასივში კი 1 დაკარგვა და 4 ჯარიმა.

თურქულის კლუბის რიგებში 10-ქულიან ზღვარს რეჯი რედინგმა (12), სკოტი ვილბეკინმა (11) და ლუკ ჰერენგოდიმ (10) უწიეს, ცსკა-ს კი ნანდო დე კოლომ (14), ვიტალი ფრიძონმა (13), კორი ჰიგინსმა (12), ჯოელ ფრილანდმა (11) და დრიუ ნიკოლსმა (10) ულიდერეს.

“დარუშაფაკა” 4 მოგებით და 5 მარცხით D ჯგუფში მე-4 ადგილზეა და თუკი დასკვნითი ტურის შემდეგ, ამ პოზიციას შეინარჩუნებს, ტოპ-16-ის საგზურს მოიპოვებს.

მარკოიშვილის კლუბს მიზნის მიღწევის კარგი შანსი აქვს, რადგანაც ბოლო ტურში უშუალო კონკურენტ “მაკაბის” შინ იღებს და თუკი 12 ან მეტი ქულით არ წააგებს, შემდეგი ეტაპის საგზური ჯიბეში ექნება.

0.117977