საერთაშორისო დიდოსტატი სოფიკო გურამიშვილი მეუღლესთან, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოჭადრაკე ანიშ გირთან (ჰოლანდია) ერთად ლონდონში იმყოფება. გირი ვაჟთა შორის გრან-პრის ერთ-ერთ ეტაპზე , ხოლო გურამიშვილი ვაჟთა და ქალთა გაერთიანებულ ტურნირში თამაშობს. აღნიშნულ ჩემპიონატში 48 ქვეყნის 247 მოჭადრაკე მონაწილეობს.
შვეიცარიული სისტემით ცხრა ტურად მიმდინარე ტურნირში, სადაც გურამიშვილი გამოდის, შვიდი ტურის პარტიები გათამაშდა. მეშვიდე ტურში გურამიშვილი მასზე ბევრად უფრო ძლიერ მოჭადრაკეს, ისრაელის წარმომადგენელ ტალ ბარონს (2544) შეხვდა და ყაიმი გააკეთა.
ასპარეზობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე სატურნირო ცხრილის სათავეში სამი სპორტსმენი ბენჟამინ ბოგი (ჰოლანდია), ერიკ ჰანსენი (კანადა) და ევგენი პოსტნი (ისრაელი) იმყოფებიან, რომლებმაც 6.0-6.0 ქულა დააგროვეს. ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით 6, ხოლო ერთი ქულით 53 მოჭადრაკე, მათ შორის გურამიშვილი ჩამორჩება.