ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი შეხვედრა შედგება, რომელთაგან ყველაზე მეტ ინტერესს “ნოუ კამპზე” გასამართი მატჩი იწვევს, სადაც ადგილობრივი “ბარსელონა” ლა კორუნიის “დეპორტივოს” უმასპინძლებს.
“ბლაუგრანამ” გასულ ტურში გასვლაზე “ვალენსიას” ვერ მოუგო (1:1), რითაც მადრიდულმა კლუბებმა ისარგებლეს: “ატლეტიკომ” ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა, ხოლო “რეალმა” ოთხამდე. ასე რომ, კატალონიური გრანდი მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოს, რომ დეკემბრის ბოლომდე ქულები არ დაკარგო და ახალ წელს ლიდერის რანგში შეხვდეს.
“ბარსელონამ” ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მეორე შემადგენლობით ითამაშა “ლევერკუზენთან” და მაინც არ წააგო (1:1). ძირითადის მოთამაშეთაგან მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი თამაშობდა: ტერ შტეგენი, ალბა, რაკიტიჩი და მესი. შესაბამისად, “ბლაუგრანა” გალისიურ კლუბთან დაპირისპირებას დასვენებული ხვდება.
ხვალინდელ მატჩში გამორიცხულია ნეიმარის თამაში, რომელმაც შესაძლოა ტრავმის გამო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც გამოტოვოს. გარდა ამისა, საეჭვოა ლიონელ მესის თამაშიც, რომელმაც გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა და პრესაც უმალ არგენტინელის ტრავმაზე ალაპარაკდა, თუმცა “ბარსელონამ” მოთამაშის დაშავება უარყო და განაცხადა, რომ მესი ვარჯიშზე პირადი მიზეზის გამო ვერ გამოცხადდა. ნეიმარის გარდა, ტრავმირებულნი არიან დუგლასი, რაფინია და რობერტო.
მიმდინარე სეზონში მშვენივრად გამოიყურება “დეპორტივო”, რომელიც 22 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.
გალისიური კლუბის ასეთი კარგი თამაში პირველ რიგში ახალგაზრდა სპეციალისტის ვიქტორ სანჩესის დამსახურებაა, რომელსაც უახლოეს დღეებში ახალ სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.
“ბლაუგრანასთან” მატჩში შანსებზე საუბარი ცოტა რთულია, თუმცა მიმდინარე სეზონში ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, მასპინძლებს იოლი გასეირნება არ უნდა ჰქონდეთ. სტუმართა მთავარი იმედი ლუკას პერესია, რომელსაც მიმდინარე ლა ლიგაში 10 გოლი აქვს გატანილი.
“რიასორის” ბინადარს ფაბრი, გუტიერესი და ბორგესი ტრავმირებულნი ჰყავს, ხოლო მოსკერა დისკვალიფიცირებულია.
გასულ სეზონში ამ კლუბების ჯახი “ნოუ კამპზე” 2:2 დასრულდა. ლა ლიგის 38-ე ტურში “ბარსელონას” ჩემპიონობა განაღდებული ჰქონდა და გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა, ხოლო სტუმართათვის ქულას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან წაგების შემთხვევაში გავარდებოდა. მასპინძლები 2:0 იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს და ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს (ისე, “დეპორტივო” მაინც არ გავარდებოდა, რადგანაც “ელჩეს” ფინანსური პრობლემები შეექმნა და მის ნაცვლად “ეიბარი” დააბრუნეს ლა ლიგაში). აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ლა ლიგაში ბოლოჯერ ითამაშა “ბარსელონას” ლეგენდამ ხავი ერნანდესმა.
19:00 ბარსელონა – დეპორტივო
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მასკერანო, ალბა, ალვეში, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, მესი, სუარესი, ელ ჰადადი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
დეპორტივო (4-4-2): ლუქსი, არიბასი, სიდნეი, ხუანფრანი, ფ.ნავარო, ბერგენტინოსი, კანი, ფაჟრი, ლუისინიო, ლ.პერესი, ხ.როდრიგესი.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი
მსაჯი: ხოსე სანჩესი
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილი და ევროპა ლიგაზე დაბრუნებული “სევილია” საკუთარ მოედანზე “ხიხონს” მიიღებს და ეცდება, რომ ევროტურნირების ზონას მიუახლოვდეს.
მე-4 ადგილოსანი “სელტა” საკუთარ კედლებში “ესპანიოლს” დაუპირისპირება. გალისიური კლუბისმიზანი გამარჯვება და ოთხეულში ადგილის შენარჩუნება იქნება.
აუტსაიდერთა ჯახი შედგება “სიუდად დე ვალენსიაზე”, სადაც “ლევანტე” ანდალისიურ “გრანადას”უმასპინძლებს, ხოლო დღის ბოლო შეხვედრა “გრან კანარიაზე” გაიმართება: “ლას პალმასი” “ბეტისს” მიიღებს.