ევროპის მეორე დონის საკლუბო ტურნირ ჩელენჯ ქაფის” მესამე ტურში, ჯაბა ბრეგვაძის “ვუსტერ ვორიორსმა” ინგლისურ დერბიში “გლოსტერს” უმასპინძლა და უკეთეს გუნდთან 22:34 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის კვაჭი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მისი პოზიციისთვის უჩვეულოდ, სრული 80 წუთი ითამაშა. სტუმრებმა 5 ლელო გაიტანეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს, ხოლო მასპინძლების ანგარიშზე 3 ლელოა, რომელთაგან ერთში ბრეგვაძის დიდი წვლილიცაა - მან ლელოდან 7-8 მეტრში დერეფანში კარგად ააგდო ბურთი, მოლს შეუერთდა და თანაგუნდელებს მცველების დაჯაბვნაში დაეხმარა. დერეფანი ვახსენეთ და “ვუსტერმა” ბრეგვაძის 11 მოწოდებული აუტი მოიგო და 2 წააგო, აი შერკინებაში კი, მეტოქე აშკარად უკეთესი იყო და მასპინძელთა შერკინებებიდან 4 სათავისოდ წაიღო (“ვუსტერმა” 6 შერკინება მოიგო).
უშუალოდ ბრეგვაძის სტატისტიკას რაც შეეხება, მან 8-ჯერ მიიღო ბურთი და ჯამში 8 მეტრი მოიგო. მის ანგარიშზე 1 პასი და 7 ბოჭვაა. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, მას ერთხელ თამაშისას ფეხითაც უთამაშია. უკვე ვწერდით, რომ გუნდმა მის მიერ მოწოდებული 11 დერეფანი მოიგო.
6 774 მაყურებლის გასახარად, მატჩში ანგარიში მასპინძლებმა ლელოთი გახსნეს და გარდასახვაც გამოიყენეს. ამინდის გათვალისწინებით, ორივე გუნდი ფეხით ცდილობდა თამაშს და პირველ ტაიმში “ვუსტერი” მეტოქეს არაფრით ჩამოუვარდებოდა. სტუმრები წინ რომ გავიდნენ, ტაიმის მიწურულს “მებრძოლებმა” მეტოქეს შტურმი მოუწყეს და ლელო ვერ გაიტანეს, მაგრამ არეკნით წონასწორობა აღადგინეს - 10:10. მეორე ტაიმში “გლოსტერი” სრული ძალით ამოქმედდა და უპირატესობასაც დაეუფლა. მერე ისინი მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ და “ვუსტერმა” ლელო-გარდასახვით თამაშში დაბრუნება მოახერხა (17:22), მაგრამ კაცნაკლული სტუმრებისგან 2 ლელო თავადაც გაუშვა და მეორე მოგების იმედი გადაეწურა.
17 დეკემბერს, ჩელენჯ ქაფის მე-4 ტურში “ვუსტერი”, რომელსაც 3 თამაშიდან 4 ქულა აქვს და მე-4 ჯგუფში მე-3 ადგილზეა, “გლოსტერს” თავად ეწვევა.
ჩელენჯ ქაფის მე-5 ჯგუფში თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენი” “გრენობლს” დაუხვდა. აღსანიშნავია, რომ “აჟენმა” ევროთასების განაცხადში კიდევ ერთი ქართველი, 20-წლამდელთა ნაკრების წევრი გიორგი მარგველანიც შეიყვანა, მაგრამ ევროტურნირების ფრანგულ დერბიში მონაწილეობა არცერთ მათგანს არ მიუღია. “აჟენი” 20:40 დამარცხდა და 0 ქულით ბოლო, მე-4 ადგილზეა. მე-4 ტურში ის “გრენობლს” 18 დეკემბერს სტუმრად შეხვდება.