12 დეკემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება და ევრო 2016-ის მონაწილე 24 ნაკრები ქვეჯგუფებში გადანაწილდება.
მოგეხსენებათ, დამდეგ ზაფხულს გასამართი კონტინენტის პირველობა ყველაზე წარმომადგენლობით იქნება: ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშებს 24 გუნდი, რომლებიც ექვს ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან.
უეფამ ნაკრებები უკვე გადაანაწილა კალათების მიხედვით:
I კალათა: საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, პორტუგალია, ბელგია
II კალათა: იტალია, რუსეთი, შვეიცარია, ავსტრია, ხორვატია, უკრაინა
III კალათა: ჩეხეთი, შვედეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი
IV კალათა: თურქეთი, ირლანდია, უელსი, ისლანდია, ალბანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია
წილისყრის ცერემონიაში მონაწილეობას ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელები, ბიქსენტ ლიზარაზუ, რუუდ გულიტი, დავიდ ტრეზეგე, ანგელოს ხარისტეასი, ანტონინ პანენკა და ოლივერ ბირჰოფი მიიღებენ, ხოლო ევროპის თასს დარბაზში მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე შეიტანს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა 12 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.