კალათბურთი

11:36 | 10.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

16 -წლამდელთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირისათვის ემზადება

საქართველოს 16 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირის ,,ბალკანეთის ვარსკვლავის თასის’’ გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად ემზადება, რომელსაც მიმდინარე წლის დეკემბრის მეორე ნახევარში რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს.

16-წლამდელთა გუნდი ცოტა ხნის წინ ჩააბარეს კოტე ტუღუშს, რომელიც პარალელურად სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ ,,ქუთაისი-2010’’-ს ხელმძღვანელობს.

მომავალი ტურნირისა და გუნდის მზადების შესახებ კოტე ტუღუშმა „მსოფლიო სპორტთან’’ ისაუბრა.

- როგორ აღმოჩნდით ,,ბალკანეთის ვარსკვლავის თასის ‘’ გათამაშებაში?

- ამ ტურნირზე რუმინეთის კალათბურთის ფედერაციამ მიგვიწვია. შეჯიბრში 7 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ ჯგუფად არიან გაყოფილი. ჩვენთან ერთად ჯგუფში ერთი ბულგარული და ორი რუმინული გუნდი ითამაშებს.

- საქართველოს ნაკრებში რამდენი კალათბურთელი გამოიძახეთ?

- ამჟამად გუნდში 22 კალათბურთელი გვყავს და კიდევ ვაპირებთ რამდენიმეს დამატებას. რუმინეთში კი 12 მოთამაშეს წავიყვანთ, რომელთა ვინაობას გამგზავრების წინ დავასახელებთ.

- როდის მიემგზავრებით?

- 16 დეკემბერს მივდივართ და 23-ში დავბრუნდებით.

- ახალგაზდა მოთამაშეებს როგორ შეაფასებთ, როგორი თაობა მოდის?

- არიან პერსპექტიული კალათბურთელებიც, მაგრამ ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ მათ დიდი კალათბურთი ითამაშონ.

-რას გვეტყვით „ქუთაისი 2010“-სა და „სოხუმის“ სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე?

- „სოხუმი“ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ეს ამ თამაშზეც დაამტკიცა. პირველ წრეში ჩვენ მოვიგეთ , მეორეში კი მეტოქემ. ჩემპიონატში რამდენიმე თანაბარი ძალის გუნდი მონაწილეობს და გამოკვეთილი ფავორიტი არაა. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩემპიონობისათვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბება.

0.111879