ფეხბურთი

17:32 | 9.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯარიმები: “ცხინვალი” – 1500, “საპოვნელა” – 5000, “დინამო” 3000, “სიონი” – 5000

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა (სტკ) უმაღლესი ლიგის გასულ ტურში მომხდარ ინციდენტებზე იმსჯელა და სანქციებიც დააკისრა კლუბებს.

“ცხინვალი”-“საპოვნელას” შეხვედრისას (3:0) ტრიბუნებზე ჩხუბი ატყდა. მასპინძელი გუნდი 1500 ლარით, ხოლო სტუმარი 5000 ლარით დააჯარიმეს. პლუს, “საპოვნელა” ერთ საშინაო მატჩს (ქუთაისში) მაყურებელთა გარეშე გამართავს.

“საპოვნელა” გასაჩივრებას აპირებს, რადგან მიიჩნევენ, რომ ჩხუბის ინიციატორები მათი ქომაგები არ ყოფილან. “საიდან დაამტკიცეს, რომ ის პიროვნებები მაინცდამაინც “საპოვნელას” გულშემატკივრები იყვნენ. მასპინძელი “ცხინვალი” იყო და სწორედ მათ უნდა მიეღოთ უსაფრთხოების ზომები” – ესაა თერჯოლის კლუბის პოზიცია.

“დინამო”-“სიონის” მატჩის (5:2) მეორე ტაიმში გულშემატკივართა შორის დაიძაბა ვითარება. “სიონის” ქომაგები ხმამაღლა სკანდირებდნენ და ძნელი იყო გარჩევა, თუ ვის აგინებდნენ. ამის შემდეგ, “დინამოს” ფანები იმ ტრიბუნისკენ გაიქცნენ, სადაც ბოლნისელთა ქომაგები იყვნენ. სამართალდამცავებმა მალევე განმუხტეს დაძაბულობა და ჩხუბი აღარ ყოფილა.

სტკ-მ გადაწყვიტა: “დინამოს” 3000 ლარის გადახდა და ერთი მატჩის უმაყურებლოდ გამართვა “დინამო არენაზე”; “სიონს” კი 5000 ლარის გადახდა.

0.133618