ინგლისის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა “წითელი ეშმაკების” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან ვერგასვლას სამარცხვინო უწოდა. ლუის ვან გაალის გუნდი “ვოლფსბურგთან” სტუმრად 2:3 დამარცხდა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე გავიდა.
ფერდინანდმა BT Sport-ის პირდაპირ ეთერში გაიხსენა, რომ 2011/12 წლების სეზონში თავადაც მოუწია ევროპა ლიგაზე ასპარეზობა.
“სამარცხვინოა. მე ვიყავი იმ შემადგენლობაში, რომელმაც ევროპა ლიგის საგზური მოვიპოვეთ და ეს სამარცხვინო გახლდათ. “მანჩესტერის” ფეხბურთელებს არ უნდა უნდოდეთ სახლში დაბრუნება. მოთამაშეები ქუჩაში გულშემატკივრებს შეხვდებიან და ისინი უკვე ფიქრობენ, რომ კარგი ფეხბურთელები არ არიან. გავოცდი, რატომ ვერ შეძლო “მანჩესტერმა” მერვედფინალში გასვლა, თუმცა გუნდმა ეს “მოახერხა.” – განაცხადა ფერდინანდმა.
მანჩესტერელებმა ისტორიაში 1994/95, 2005/06, 2011/12 წლების სეზონების შემდეგ, მეოთხედ ვერ შეძლეს ჯგუფიდან გასვლა.
პირველ შემთხვევაში “იუნაიტედს” “გიოტებორგმა” და “ბარსელონამ” აჯობეს. მომდევნო წარუმატებლობის დროს, გუნდში ფერდინანდი უკვე თამაშობდა და ინგლისური გრანდი “ვილიარეალს”, “ბენფიკას” და “ლილს” ჩამორჩა.
ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების სეზონში “მანჩესტერი” ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. “წითელ ეშმაკებს” “ბენფიკამ” და “ბაზელმა” აჯობეს. ამჯერად კი ლუის ვან გაალის შეგირდები “ვოლფსბურგს” და პსვ-ს ჩამორჩნენ.