ახალგაზრდა ქართველი ბურჯი გაგი ბაზაძე საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში უეცრად და წარმატებულად გამოჩნდა. ეს ფაქტი ფრანგულ პრესას აბა როგორ გამორჩებოდა და Rugbyrama-მ “ლა როშელის” 23 წლის ქართველ ლეგიონერს და 25 წლის ფრანგ ბურჯ მაქსიმ გაუს სპეციალური სტატია მიუძღვნა. ჩვენ რა თქმა უნდა აქცენტს ბაზაძეზე გავაკეთებთ, რომელსაც სავარაუდოდ, მალე დებიუტი საქართველოს ნაკრებშიც ექნება.
ფრანგმა ჟურნალისტებმა ის გზა გაიხსენეს, რამაც გაგი “ლა როშელამდე” და ტოპ 14-ში წარმატებულ დებიუტამდე მიიყვანა. შეგახსენებთ, მას პირველ ელიტარულ დივიზიონში, სადებიუტო მატჩში მხოლოდ 16 წუთი დასჭირდა ლელოს გასატანად და ამ ლელომ მის გუნდს 1 პრემიალური ქულა მოუტანა:
“გაგი ბაზაძემ და მაქსიმ გაუმ უკვე მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას ტოპ 14-ში და ისინი აღმოჩენად უნდა მივიჩნიოთ” - წერს შესავალ სიტყვაში ფრანგი ჟურნალისტი და უწინარეს აქცენტს ბაზაძის წარსულზე აკეთებს:
“23 წლის ბაზაძე 4 წელია რაც საფრანგეთში იმყოფება. “მონპელიეს” სასწავლო ცენტრში გატარებული 2 წელიწადის შემდეგ, მან იჯარით ერთი სეზონი პრო დ2-ის “მასიში” გაატარა (სადაც მხოლოდ 1 თამაში ჩაატარა) და კარიერა “ლილში” უნდა გაეგრძელებინა (დავით ბოლღაშვილის გაწვრთნილ გუნდში, რომელმაც გასულ სეზონში “ფედერალ 1”-ში წარმატებით ითამაშა და პრო დ2-ის საგზური მოიპოვა - რედ.). მაგრამ “ლილს” პროფესონალურ ლიგაში თამაში აეკრძალა. პროცესი გაიწელა და საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ აგვისტოში მიიღეს, რამაც გაგი ბაზაძე რთულ სიტუაციაში ჩააგდო და სასწრაფო წესით მოუწია ახალი გუნდის ძიება. მას მშველელად წარმოშობით ქუთაისელი, აქვსენტი გიორგაძე მოევლინა (რომელიც “ლა როშელში” შერკინების მწვრთნელია - რედ.) და ის ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე სექტემბერში მივიდა.
ელიტაში ჩართვამდე ბაზაძემ პირველ გუნდში ადაპტაცია ჩელენჯ ქაფზე, “ვუსტერთან” და “გლოსტერთან” თამაშებში გაიარა. აქ მან თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა, მწვრთნელებს საკუთარი უპირატესობები აჩვენა და უკვე ტოპ 14-ში, “მონპელიესთან” მატჩში, მისი დებიუტი შედგა. სწორედ გაგიმ გაიტანა “ლა როშელის” ის ლელო, რომელმაც გუნდს პრემიალური ქულა მოუტანა:
“იმ კლუბის წინააღმდეგ ვთამაშობდი, რომელიც დავტოვე და მსურდა მათთვის დამემტკიცებინა, რომ ამ დონეზე თამაში შემეძლო” - თქვა ბაზაძემ ნამატჩევს.
გაგის წარმატებული დებიუტით გახარებული იყო აქვსენტი გიორგაძე: “ასე უნდა გააგრძელოს. მისი სახით სერიოზული ძალა მივიღეთ. ბაზაძის ძლიერი მხარე ფიზიკური მონაცემებია, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ის კიდევ უფრო გამძლე და უკეთესი გახდება”.