ფეხბურთი

10:06 | 9.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს რეკორდების დღე

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 11 გოლი გაიტანა, რაც ლიგის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. აქამდე საუკეთესო შედეგი ბრაზილიელ ლუის ადრიანოს ეკუთვნოდა 9 გოლი, მაგრამ მას შემდგომ, რაც რონალდუმ შვედური “მალმეს” (8:0) კარი ოთხჯერ აიღო, “შახტარის” ექსფორვარდის შარშანდელი მიღწევა დაამხო. რონალდუ ასევე გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჯგუფურ ტურნირზე გატანილი გოლებით ორნიშნა ციფრს უწია.

გარდა ამისა, რონალდუმ “მალმეს” პოკერი 20 წუთის ინტერვალში შეუსრულა და ეს ლიგის ისტორიაში მეორე შედეგია, ხოლო ჰეთ-თრიქის გაფორმებისთვის 11 წუთი ეყო, რაც მესამე მაჩვენებელია.

ამასთან, რონალდუ “რეალის” ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ლიგაზე პოკერის შესრულება შეძლო. ოთხზე მეტი გოლი ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე იმავე ლუის ადრიანოსა და ლიონელ მესის გაუტანიათ – 5. პორტუგალიელი ამ მიღწევას ვეღარ შეწვდა.

მადრიდის “რეალმა” კი, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე დიდი ანგარიშით მოგების რეკორდი გაიმეორა, რომელიც აქამდე ერთპიროვნულად ინგლისურ “ლივერპულს” ეკუთვნოდა. “მესისაიდელებმა” 2007-2008 წლების სეზონში სტამბულის “ბეშიქთაშს” 8:0 მოუგეს. სხვათა შორის, ინგლისელთა თავკაცი მაშინ რაფა ბენიტესი გახლდათ.

0.112466