დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი დასრულდება და იმ დარჩენილი ხუთი გუნდის ვინაობაც გაირკვევა, რომლებიც თებერვლიდან სანუკვარი თასისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ყველაზე დიდ ინტერესს ლონდონში, “ჩელსისა” და “პორტუს” დაპირისპირება იწვევს, რომელთაგანაც ერთ-ერთი ლიგას დაემშვიდობება. ზუსტად იგივე სიტუაციაა “ოლიმპიაკოსისა” და ლონდონის “არსენალის” მატჩში, რომელიც ათენის “კარაისკაკისზე” გაიმართება. ერთადერთი თამაში, რომელშიც არანაირი ინტრიგა არაა, ზაგრებში შედგება: “დინამო” მიუნხენის “ბაიერნის” მასპინძელი იქნება და ლიგას მინიმუმ ერთი სეზონით დაემშვიდობება.
E ჯგუფი
“ლევერკუზენი” – “ბარსელონა”
კატალონიის “ბარსელონა” გადასარევ ფორმაშია და მეტოქეებს ერთმანეთის მიყოლებით ადვილად ამარცხებს. თუმცა, ლა ლიგის ბოლო ტურში “ბლაუგრანამ” “მესტალიაზე” მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა. კატალონიელებს ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული აქვთ და სწორედ ამიტომაც, ლუის ენრიკე მთელი რიგი წამყავნი ფეხბურთელების დასვენებას აპირებს. “ლევერკუზენისთვის” კი მეტად მნიშვნელოვანი თამაშია. “ფარმაცევტებს” პლეი-ოფში თამაშის შანსი ჯერ კიდევ აქვთ შერჩენილი და ამისათვის საჭიროა ესპანურ გრანდს მოუგონ. თუმცა, ამასთან, “რომამ” “ბატეს” ვერ უნდა მოუგოს. მოკლედ, როჯერ შMიდტის გუნდი რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ თავის თავს უნდა დააბრალოს.
“ბარსელონა” რომ ნახევრად სათადარიგო შემადგენლობით ითამაშებს უკვე ვთქვით, “ბაიერი” კი მოედანზე საბრძოლო გუნდით გავა. ერთადერთი სერიოზული დანაკლისი კაპიტანი ლარს ბენდერია, რომელიც უკვე კარგა ხანია ლაზარეთშია.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ლევერკუზენი” (4-2-2-2): ლენო; ჰილბერტი, ტაჰი, ტოპრაკი, ვენდელი; კრამერი, კამპლი; ბელარაბი, მეჰემდი; კისლინგი, ჩიჩარიტო
“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; ადრიანო, ბარტრა, ვერმაელენი, ალბა; მასკერანო, სამპერი, რაკიტიჩი; მესი, მუნირი, სანდრო
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
“რომა” – “ბატე”
იტალიურ “რომას” მერვედფინალის საგზურის მოსაპოვებლად ბორისოვის “ბატეს” ძლევა სჭირდება. მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში “ჯალოროსი” პლეი-ოფშია, ხოლო ისე, მეორე თამაშზე იქნება დამოკიდებული. თუ “ლევერკუზენი” ვერ მოიგებს, მაშინ “რომას” ქულაც ეყოფა. თავის მხრივ უშანსოდ არც “ბატეა”. ბელორუსებს გამარჯვება და “ბაიერის” ვერმოგება აძლევთ ხელს.
“რომა” ბოლო დროს ცუდად თამაშობს და რუდი გარსიას კრიტიკოსებმაც ხმა აიმაღლეს. იტალიურ მედიაში უკვე იწერება ფრანგი სპეციალისტის შესაძლო მემკვიდრეების შესახებ და ვინ იცის, თუ იტალიელები ჯგუფში ჩარჩნენ, გარსიას კარისკენ მართლაც მიუთითონ. სხვათა შორის, თუ “რომა” ჯგუფიდან გააღწევს, გახდება პლეი-ოფის მონაწილე გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი გოლი ექნება გაშვებული. ეს არამარტო მიმდინარე სეზონის მიხედვით, არამედ მთლიანად ლიგის ისტორიაში. “რომას” 5 ტურში 16 გოლი აქვს გაშვებებული.
“ბატე” რომში დანაკლისის გარეშე ჩადის, ხოლო მასპინძლებს კაპიტანი ტოტი, ტოროსიდისი და ჟერვინიო დააკლდებათ. სამაგაიეროდ, “მგელთა” ბანაკს მოჰამედ სალაჰი უბრუნდება, ვინაც ტრავმა მოირჩინა.
სავარაუდო შემადგენლობები:
“რომა” (4-3-3): შჩესნი; მაიკონი, კასტანი, მანოლასი, დინიე; ნაინგოლანი, დე როსი, პაინიჩი; ფლორენცი, ჯეკო, იაგო ფალკე
“ბატე” (4-3-3): ჩერნიკი; ჟავერჩუკი, პოლიაკოვი, მილუნოვიჩი, მლადენოვიჩი; ნიკოლიჩი, ა. ვოლოდკო, გლები; სტასევიჩი, გორდეიჩუკი, მოზოლევიჩი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)
F ჯგუფი
“ოლიმპიაკოსი” – “არსენალი”
ლონდონის “არსენალი” საფრთხის წინაშეა პირველად 1999-2000 წლების სეზონის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 16 გუნდს მიღმა დარჩეს. ასე რომ არ მოხდეს, “მეთოფეებმა” ათენში, “ოლიმპიაკოსს” აუცილებლად უნდა მოუგონ, თანაც ორბურთიანი სხვაობით ან 4:3, 5:4 და უფრო შედეგიანი ანგარიშით. ეს იმიტომ, რომ ბერძნები ინგლისელებს 3 ქულით უსწრებენ და ლონდონში 3:2 აქვთ მოგებული.
“არსენალს” ლიგაზე სტუმრად ჩატარებული ბოლო 13 თამაშიდან 7-ჯერ მოუგია, 2 ფრედ დაასრულა, ხოლო ოთხ მატჩში წააგო. ისე, ბოლო დროს არსენ ვენგერის ბიჭები კარგად თამაშობენ და არაა გამორიცხული “კარასკაკისზეც” სასურველი ანგარიშით იმარჯვონ. თავის მხრივ დასაკარგი არც საბერძნეთის ჩემპიონს აქვს. პირეოსელთა თავკაცის, მარკოს სილვას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფრეც ხელს აძლევთ, მოედანზე მოსაგებად გავლენ.
დანაკლისი სტუმართა ბანაკში გაცილებით სერიოზულია. დღეს თამაშს ლონდონელთა ჩილელი ლიდერი ალექსის სანჩესი ვერ შეძლებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ოლიმპიაკოსი” (4-2-3-1): რობერტო; ელაბდელაუი, ბოტია, სიოვასი, მასუაკუ; მილივოიევიჩი, კასამი; სება, ფორტუნისი, პარდო; იდიე
“არსენალი”(4-2-3-1): ჩეხი; ბელერინი, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი; ფლამინი, რემსი; კემპბელი, იოზილი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი; ჟირუ
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
“დინამო” (ზაგრები) – “ბაიერნი”
დღევანდელ დღეს გასამართი თამაშებიდან ზაგრების “მაქსიმირზე” დაგეგმილი მატჩი ერთადერთია, რომელიც აბსოლუტურად არაფერს წყვეტს. “ბაიერნს” ჯგუფი მოგებული აქვს, ხოლო “დინამო” ჩემპიონთა ლიგას მეოთხე ადგილით ემშვიდობება.
“რეკორდმაისტერმა” გასულ უიქ-ენდზე ბუნდესლიგაში მიმდინარე სეზონში პირველად წააგო, როცა “გლადბახს” (1:3) წინააღმდეგობა ვერ გაუწია. პეპ გვარდიოლა დღეს ისეთ ფეხბურთელებსაც უპირებს თამაშს, რომლებსაც აქამდე იშვითად ეძლეოდათ შანსი. “დინამოს” გერმანული გუნდებისთვის 11 თამაშია უკვე არ მოუგია და აქედან 9-ჯერ მოედანი დამარცხებულმა დატოვა.
სავარაუდო შემადგენლობები:
“დინამო” (4-3-2-1): ედუარდო; პინტო, სიგალი, ტარაველი, პივარიჩი; მაჩადო, ანტოლიჩი, როგი; სუდანი, ფერნანდესი; პიაცა
“ბაიერნი” (4-2-3-1): ულრიხი; ლამი, ბენატია, კირხოფი, რაფინია; როდე, კიმიჩი; რიბერი, მიულერი, კომანი; ლევანდოვსკი
მსაჯი: მარტინ სტრომბერგსონი (შვედეთი)
G ჯგუფი
“დინამო” (კიევი) – “მაკაბი”
კიევის “დინამო” ისრაელის ჩემპიონ “მაკაბის” უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპს უეჭველად დაძლევს. სერგეი რებროვის გუნდი მართლაც კარგად თამაშობს მიმდინარე სეზონში და წესით უქულოდ მოასპარეზე ებრაელების ძლევა არ უნდა გაუძნელდეს. თუ “დინამო” პლეი-ოფში გავა, ეს მათთვის პირველი იქნება ბოლო 16 წლის განმავლობაში. თავის მხრივ, “მაკაბი” წაგების შემთხვევაში ლიგას ქულის გარეშე დაასრულებს და მაჩვენებლით მე-16 გუნდი გახდება ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. შეხვედრა გულშემატკივართა გარეშე, დახურულ კარს მიღმა ჩატარდება, რადგან “დინამო” უეფასგან დასჯილია.
უკრაინის ჩემპიონი მეტოქეს საბრძოლო შემადგენლობით დაუხვდება. რებროვს ერთადერთი კრავეტცის იმედია არ უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება “მაკაბის”, მათი დანაკლისი გაცილებით სერიოუზულია.
სავარაუდო შემადგენლობები:
“დინამო” (4-5-1): შოვკოვსკი; დანილო სილვა, დრაგოვიჩი, ხაჩერიდი, ანტუნეში; რიბალკა, სიდორჩუკი, გარმაში, გონსალესი, იარმოლენკო; მორაეში
“მაკაბი” (5-3-2): რაიკოვიჩი; დასა, გარსია, ტიბი, ბენ ჰარუში, რიკანი; ალბერმანი, აიეგბორი, პერეტცი; ბენ ჰაიმი, ზაჰავი
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
“ჩელსი” – “პორტუ”
ლონდონის “ჩელსი” და “პორტუ” თავიდან ჯგუფის აშკარა ფავორიტებად ითვლებოდნენ, მაგრამ ახლა საქმე ისეა, რომ დიდი ალბათობით ერთ-ერთ მათგანს პლეი-ოფს მიღმა დარჩენა მოუწევს. ეს, იმ შემთხვევაში მოხდება თუ “დინამო” “მაკაბის” მოუგებს. “არისტოკრატებს” მიზნის მისაღწევად ფრეც ეყოფათ, ხოლო პორტუგალიელებს მხოლოდ მოგება დააკმაყოფილებთ. ჟოზე მოურინიოსთვის ჯგუფიდან გასვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მის უმუშევრად დარჩენაზე ისედაც ბევრს საუბრობენ და ლიგაზე წარუმატებლობას ალბათ აღარც აპატიებენ.
ორივე გუნდი დღევანდელ შეხვედრას საბრძოლო შემადგენლობით ხვდებიან. მასპინძLებს რადამელ ფალკაოსა და ჯონ ტერის გარეშე მოუწევთ თამაში, ხოლო “დრაკონებს” პაბლო ოსვალდო არ ეყოლებათ.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ჩელსი” (4-2-3-1): კურტუა; ივანოვიჩი, ზუმა, კეჰილი, ასპილიკუეტა; მატიჩი, რამირესი; ოსკარი, ფაბრეგასი, აზარი; დიეგო კოშტა
“პორტუ” (4-3-3): კასილიასი; მაქსი პერეირა, მარკანო, მაიკონი, ლაიუნი; დანილო, რუბენ ნევეში, ერერა; ანდრე ანდრე, აბუბაკარი, ბრაჰიმი
მსაჯი: ჩუნეთ ჩაქირი (თურქეთი)
H ჯგუფი
“ვალენსია” – “ლიონი”
ესპანურ “ვალენსიას” ფრანგულ “ლიონთან” მოედანზე გასვლა მხოლოდ სამი ქულისთვის მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში თებერვალში ლიგის პლეი-ოფის ნაცვლად ევროპა ლიგაზე ითამაშებს. გასულ უქმეებზე “ღამურათა” თავკაცის პოსტზე დებიუტი ჰქონდა ინგლისელ გარი ნევილს, რომელმაც პირველი გამოცდა წარმატებით ჩააბარა და “ბარსელონასთან” გუნდს ქულა მოაპოვებინა. ახლა ნევილს, რომელსაც ფეხბურთელობისას ლიგაზე არაერთი დასამახსოვრებელი თამაში ჩაუტარებია, მწვრთნელის რანგში დებიუტი ექნება. ესპანელებს წამყვანი ფეხბურთელები ტრავმების გამო აკლიათ, მაგრამ წესით “ლიონის” ძლევა არ უნდა გაუჭირდეთ, რადგან ფრანგები ძალიან ცუდ ფორმაში არიან და თანაც, ბოლო ადგილს თავს ვერანაირად დააღწევენ.
ერთიც: “ვალენსია” მერვედფინალში მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა თუ თვითონ მოიგებს, ხოლო პარალელურ მატჩში ბელგიური “გენტი” ვერ გაიმარჯვებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ვალენსია” (4-4-2): დომენეკი; კანსელო, მუსტაფი, აბდენური, გაია; პარეხო, დანილო, პერესი, სანტი მინა; დე პაული, ალკასერი
“ლიონი” (4-4-2): ლოპესი; ბედიმო, ბიშევაჩი, კონე, მორელი; ტოლისო, გონალონსი, დარდე, გრენიე; ლაკაზეტი, ბიავუ
მსაჯი: მატეი იუგი (სლოვენია)
“გენტი” – “ზენიტი”
ბელგიის ჩემპიონი “გენტი” ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტია, მაგრამ უკვე შეუძლია მერვედფინალში ითამაშოს. ამისათვის ეინ ვანჰაეზენბრუკის გუნდს რუსული “ზენიტის” დამარცხება სჭირდება, რაც ადვილი გასაკეთებელი არ იქნება. აღსანიშნავია, რომ ბელგიელებმა ლიგაზე ბოლო ორ მატჩში ქულათა მაქსიმუმი დააგროვეს და ჯგუფიდან თუ ვერ გავლენ, ევროპა ლიგაზე თამაში გარანტირებული აქვთ. ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდი წელს არასტაბილურად თამაშობს. რუსეთის პრემიერლიგაში პეტერელთა საქმეები არცთუ კარგად მიდის. სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგაზე “ზენიტი” ერთადერთია გუნდია, რომელსაც ყველა მატჩი მოუგია აქამდე და შანსი აქვს ლიგის ისტორიაში მეშვიდე გუნდი გახდეს, რომელიც პლეი-ოფში ქულათა მაქსიმიმუთ გააღწევს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“გენტი” (3-2-4-1): სელსი; ასარე, მიტროვიჩი, ნილსენი; ნეტო, კუმსი; საიეფი, დეიაგერე, მილიჩევიჩი, ფოკეტი; დეპოიტრე
“ზენიტი” (4-5-1): ლოდიგინი; ანიუკოვი, ლომბერტსი, გარაი, კრიშიტო; იუსუპოვი, ხავი გარსია, რიაზანცევი, შატოვი, დანი; ძიუბა
მსაჯი: მანუელ დე სოუსა (პორტუგალია)