გუშინ, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მეკარემ, როჟერიო სენიმ კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. 42 წლის კიპერმა 23 წლიან კარიერაში 131 გოლი გაიტანა და თავისი პოზიციის მოთამაშეთა შორის რეკორდსმენია. თუმცა, ბრაზილიელი ერთადერთი კიპერი არაა, ვინც საკუთარი კარის დაცვასთან ერთად მეტოქეების დამწუხრებასაც ახერხებდა.
სწორედ ასეთ ფეხბურთელებზე ვისაუბრებთ და საინტერესო იქნება გავეცნოთ გოლეადორ მეკარეებს...
როჟერიო სენი (ბრაზილია) – 131 გოლი
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში 131 (129 ოფიციალურ მატჩებში) გოლის გატანა შეძლო, რაც მეკარეებს შორის აბსოლუტური რეკორდია. სენი მეტოქეების დამწუხრებას არამხოლოდ თერთმეტი მეტრიდან, არამედ საჯარიმო დარტყმებითაც ახერხებდა.
ხოსე ლუის ჩილავერტი (პარაგვაი) – 67 გოლი
კიდევ ერთი მითიური მეკარე, რომელიც ბომბარდირული თვისებებით გამოირჩეოდა პარაგვაელი ხოსე ლუის ჩილავერტია. იგი ერთადერთი მეკარეა, ვისაც ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული. ეს არგენტინული “ველეს სარსფილდის” შემადგენლობაში მოახერხა. პარაგვაის ეროვნულ ნაკრებში კი კოლეგები 9-ჯერ დაამწუხრა.
ჯონი ვეგასი (პერუ) – 42 გოლი
ჯონი ვეგას ფერნადესს კარიერის განმავლობაში მეტოქეთა კარი 42-ჯერ დაულაშქრავს. აქედან 30 პენალტით შეაგდო, ხოლო 12 საჯარიმო დარტყმით. ვეგასს მთელი კარიერა სამშობლოში, პერუში გაუტარებია, ხოლო ეროვნული ნაკრების მაისური სულ სამჯერ მოურგია.
დიმიტარ ივანკოვი (ბულგარეთი) – 42 გოლი
გატანილი გოლებით მხოლოდ სამხრეთამერიკელი მეკარეები არ გამოირჩევიან. ბულგარელი დიმიტარ ივანკოვი, რომელმაც კარიერა 2011 წელს დაასრულა, მეტოქეებს ხშირად ამწუხრებდა. სოფიის “ლევსკიში” იგი შტატიანი პენალტისტი გახლდათ, მაგრამ გამოსარჩევად მაინც მისი თურქული კარიერა ივარგებს. “ბურსასფორის” გულშემატკივრებს ალბათ, არასდროს დაავიწყდებათ ივანკოვის გოლი 95-ე წუთზე სტამბულის “ფენერბაჰჩეს” კარში, რომლის წყალობითაც ის თამაში “ბურსამ” მოიგო. დიმიტარს თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 64 მატჩი აქვს გამართული, თუმცა სანაკრებო დონეზე თავი გოლით არ გამოუჩენია.
რენე იგიტა (კოლუმბია) – 41 გოლი
ბევრს ექსტრავაგანტული რენე იგიტას სახელის გაგონებაზე ცნობილი “მორიელის” მოგერიება გაახსენდება. თუმცა, რენეს არც მეტოქეთა კარში გოლის გატანა ეშლებოდა. ჯამში იგიტამ 41 გოლი შეაგდო. აქედან 34 პენალტით, ხოლო დანარჩენი 7 საჯარიმო დარტყით. სამი გოლი კი კოლუმბიის ნაკრების მაისურითაც აქვს გატანილი.
ხორხე კამპოსი (მექსიკა) – 40 გოლი
გოლების გატანით მექსიკის ნაკრების ექსკიპერი ხორხე კამპოსიც გამოირჩეოდა. მთლიანობაში მან თავის 40-ჯერ გამოიჩინა. ამათგან 34 კი მექსიკის ჩემპიონატში გაიტანა. მათ შორის ერთი, ე.წ. მაკრატელა დარტყმით “ატლანტეს” შემადგენლობაში”.
ჰანს იორგ ბუტი (გერმანია) – 32 გოლი
გერმანელი ჰანს იორგ ბუტი მეკარეებს შორის ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ბომბარდირია. ბუტს ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე თავი სამჯერ გამოუჩენია და სამჯერვე ტურინის “იუვენტუსის” კარი აიღო, აქედან ორჯერ ჯანლუიჯი ბუფონს გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ჰანსმა ამის გაკეთება სამი სხვადასხვა გუნდის მაისურით მოახერხა: “ჰამბურგის”, “ლევერკუზენისა” და “ბაიერნის”. ბუტს ბუნდესლიგის რეკორდიც ეკუთვინის – გერმანიის ჩემპიონატში მას 26 გოლი აქვს გატანილი, რაც კარის დარაჯებს შორის რაღა თქმა უნდა, საუკეთესო შედეგია.
სებასტიან სახა (არგენტინა) – 25 გოლი
არგენტინელი სებასტიან სახა სამშობლოში თერმეტმეტრიანების კარგი შესრულებით გამოირჩევა. ჯამში მას 25 გოლი აქვს გატანილი. მათ შორის ცხრა, ამჟამინდელი გუნდის, “რასინგ აველანდას” რიგებში.
პეტერ შმეიხელი (დანია) – 8 გოლი
ლეგენდარული დანიელი პეტერ შმეიხელი სეივების შესრულებას მცირედით გატანილ გოლებსაც უთავსებდა. შმეიხელმა 2001 წლის 20 ოქტომბერს, “ასტონ ვილას” მაისურით ლივერპულის “ევერტონს” გაუტანა, ხოლო მანამდე, 1995 წელს, უეფას თასზე “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში ვოლგოგრადის “როტორის” კარიც დაულაშქრავს. დანარჩენი 6 გოლი კი დანიელმა მეკარემ კარიერის დასაწყისში გაიტანა.