ბოლო 10-15 წელია, რაც თბილისში სტადიონების რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო. რომ ჩამოვყვეთ, ძალიან შორს წავალთ, 20-ზე მეტი სტანდარტული სტადიონი აღარაა და ამ ადგილებზე, უმეტესად, კორპუსებს აშენებენ.
უეფას მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია გუშინ “დინამო”-“სიონის” მატჩისას გულშემატკივართა ხელმოწერებს აგროვებდა და ეს ხელმოწერები თავის წერილთან ერთად, თბილისის მერიასა და საკრებულოში შეიტანა. კვარაცხელია აპროტესტებს სტადიონების დანგრევას და მოითხოვს, რომ სადაც უკვე დაანგრიეს, იმის ნაცვლად, სხვა ადგილი გამოყონ სტადიონის ასაშენებლად. სადაც უკვე კორპუსები წამოიჭიმა, იქ ვეღარავინ დაიბრუნებს მოედანს, მაგრამ სადაც ჯერ ცარიელი ადგილია?
მორიგი საფრთხე: საუბარია საქართველოს უნივერსიტეტის სტადიონის დანგრევაზე. მართალია, ჯერ გადაწყვეტილება არაა მიღებული, მაგრამ მწვრთნელებისგან და იქ მოთამაშე ბავშვების მშობლებისგან შევიტყვეთ, რომ საფრთხე არსებობს.
არადა, სტადიონი კერძო საკუთრებაა და რვა წელია, რაც საქართველოს საზოგადოებრივი მეცნიერების უნივერსიტეტის ბალანსზეა. იქ სხვადასხვა ასაკის დაახლოებით 200 ფეხბურთელი ვარჯიშობს.
ჯერ ისედაც ძალიან შემცირდა ფეხბურთელი ბავშვებისა და ჭაბუკების რიცხვი, ახლა კიდევ სტადიონების დანგრევა გვინდა? მერე, როცა ქართული ფეხბურთი წარმატებას ვერ აღწევს და თამაშებს აგებენ, ხელების გაშვერით გინება იოლია. რას აკეთებთ საიმისოდ, რომ ბავშვები და ჭაბუკები გაიზარდნონ? საიდან გვინდა მოგება, თუ საფუძველი არ ჩაიყარა და ის, რაც გვაქვს, ისიც თუ დაანგრიეთ?!
ზოგი იტყვის, ხომ გვაქვს “დინამოს აკადემია”, “საბურთალო”, “ლოკომოტივი”, 35-ე სკოლაო, მაგრამ არაა ბატონო საკმარისი. ეს ჯერ მარტო თბილისზე ვამბობთ და რაიონებში რა ხდება, ისიც ხომ ცნობილია.