გასულ სეზონში ტოპ 14-დან დაქვეითებული “ლიონი”, როგორც ჩანს, პრო დ2-ის მიმდინარე სეზონში პირველობას არ დათმობს და ელიტა 1-ში დასაბრუნებულ პირდაპირ საგზურსაც მიიღებს, დანარჩენ გუნდებს კი, საპლეიოფო მეორე-მეხუთე ადგილებისთვის მოუწევთ ბრძოლა.
ზაზა ნავროზაშვილის გუნდმა განვლილი 11 თამაშიდან 10 მოიგო და იმ ერთშიც მცირედით დამარცხდა. განვლილ მატჩში ლიდერი უახლოეს მდევარს, ანტონ ფეიქრიშვილის “ბეიონს” მასპინძლობდა და რთული სიტუაციის მიუხედავად, 29:27 მაინც იმარჯვა. საქმე ისაა, რომ რეფერიმ მასპინძლებს 30-იდან მე-40 წუთებამდე სამი მორაგბე გაუსინბინა, მაგრამ სტუმრებმა 13-კაციან მეტოქესთან ქულაც ვერ აიღეს. სამწუხაროდ, “ლიონის” შემადგენლობაში ნავროზაშვილს ჯერ ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია და განაცხადში არც ამჯერად იყო.
“ლიონმა” ტაიმი 20:13 მოიგო და მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში სამი უპასუხო ჯარიმაც გაიტანა. 61-ე წუთიდან თამაშში ფეიქრიშვილი ჩაერთო, მაგრამ იქვე სინბინით დაისაჯა და რეალურად მხოლოდ დასკვნითი 10 წუთი ითამაშა. ამ პერიოდში “ბეიონმა” 2 ლელო გაიტანა, ორივე გარდასახვა გამოიყენა და მცირედი მარცხისთვის ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა. სტუმართა მესამე ლელო საჯარიმო იყო, “ლიონი” შერკინებაში ვერ დადგა და ამისთვის დაისაჯა და ეს 7 ქულა ფეიქრიშვილის დამსახურებაცაა.
ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის “ორიაკი” “კარკასონთან” 3:24 დამარცხდა. შარიქაძე და დათუნაშვილი ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და შუამარბმა სრულად, ხოლო მეორეხაზელმა 52-ე წუთამდე ითამაშა. სტუმრებს თამაში არ წაუვიდათ, 51-ე წუთისთვის 3:24 ჩამორჩნენ და დასკვნით ნახევარ საათში ანგარიში აღარც შეცვლილა, თუმცა, მესამე, პრემიალური ლელოს გატანის შანსი უფრო მასპინძლებს ჰქონდათ.
ლაშა ლომიძის “ბეზიემ” “ბურგუენს” 6 უპასუხო ლელო გაუტანა და 46:0 გაანადგურა. “ბეზიემ” ტაიმი 13:0 მოიგო, მეორე ტაიმში კი, შეუჩერებელი იყო. ლომიძემ შეცვლაზე 62-ე წუთიდან ითამაშა, მისმა გუნდმა დასკვნით 10 წუთში კიდევ 2 ლელო გაიტანა და ქართველმა მესამეხაზელმა ორივეში უდიდესი წვლილი შეიტანა. პირველ ჯერზე მან 5-მეტრა შერკინებიდან შეუტია და სტუმრებმა ზედ ლელოს ხაზთან დიდი გაჭირვებით გააჩერეს, რის შემდეგაც გრძელ ფრთაზე მცველი აღარ დარჩათ, ხოლო მეორე ჯერზე კვლავ შერკინებიდამ ოღონდ ცენტრალური ხაზის სიახლოვეს შეუტია, მერე მეორედაც მძლავრად დაარტყა და მისმა თანაგუნდელებმა ფლანგზე გაჩენილი სივრცე კიდევ ერთხელ გამოიყენეს. მოკლედ, ამ 18 წუთში ლაშა ლომიძემ ძალიან მაგრად ითამაშა.
გიორგი ზაქაშვილის “ექს-ან-პროვანსი” საკუთარ მოედანზე რუმინეთის პასპორტის მქონე, ოთარ ტურაშვილის “კოლომიესთან” 15:22 დამარცხდა. ზაქაშვილმა შეცვლაზე 64-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო ტურაშვილი თამაშში მასზე 2 წუთით ადრე ჩაერთო.
ქართულ დერბიში გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და კახაბერ კობერიძის “ტარბმა”, რომელსაც 15 სატურნირო ქულა დააკლეს და მოულოდნელად ცხრილის ბოლოში დაეშვა, ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბის” უმასპინძლა და 12:16 დამარცხდა. მატჩში მონაწილეობა სამმა ქართველმა მიიღო და სამივე სასტარტო შემადგენლობაში იყო. მასპინძელთა შორის მეორეხაზელმა ნემსაძემ მოედანზე 69 წუთი გაატარა, შეყლაშვილი 50-ე, ხოლო მაისურაძე 56-ე წუთზე შეცვალეს. “ტარბი” თამაშს იგებდა, მაგრამ 75-ე წუთზე ფეხით თამაშისას დამრტყმელს დაუფარეს, შეხვედრის ერთადერთი ლელო გავიდა და ზუსტი გარდასახვით საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.
ასტამურ იოსელიანისა და ტარიელ რატიანიძის “ნარბონმა” დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანი” 41:8 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ რატიანიძემ მიიღო და შეცვლაზე დასკვნითი 20 წუთი ითამაშა. შეცვლაზე დასკვნითი 20 წუთი ითამაშა ელიზბარ ყუფარაძემაც, რომლის “დაქსმა” “მონტობანს” სტუმრად 26:20 სძლია.
2015-2016 წლების პრო დ2-ის სეზონი. XI ტური
3-6 დეკემბერი
ლიონი - ბეიონი 29:27
ბიარიცი - მონ-დე-მარსანი 44:8
ექს-ან-პროვანსი - კოლომიე 15:22
ბეზიე - ბურგუენი 46:0
კარკასონი - ორიაკი 24:3
ტარბი - ალბი 12:16
მონტობანი - დაქსი 20:26
ნარბონი - პერპინიანი 41:8
გუნდები თ მ ფ წ +/- ქ ბ
1. | ლიონი | 11 | 10 | 0 | 1 | 374:184 | 45 | 5 |
2. | ბეიონი | 11 | 7 | 1 | 3 | 315:260 | 34 | 4 |
3. | ორიაკი | 11 | 7 | 0 | 4 | 315:242 | 33 | 5 |
4. | ბეზიე | 11 | 7 | 0 | 4 | 316:230 | 31 | 3 |
5. | კოლომიე | 11 | 5 | 2 | 4 | 236:236 | 26 | 2 |
6. | ალბი | 11 | 6 | 0 | 5 | 206:217 | 26 | 2 |
7. | ნარბონი | 11 | 5 | 0 | 6 | 248:221 | 25 | 5 |
8. | პერპინიანი | 11 | 5 | 1 | 5 | 230:222 | 25 | 3 |
9. | მონტობანი | 11 | 5 | 0 | 6 | 214:245 | 23 | 3 |
10. | მონ-დე-მარსანი | 11 | 4 | 0 | 7 | 218:235 | 21 | 5 |
11. | კარკასონი | 11 | 5 | 0 | 6 | 195:294 | 21 | 1 |
12. | ბურგუენი | 11 | 4 | 0 | 7 | 194:244 | 20 | 4 |
13. | ბიარიცი | 11 | 4 | 0 | 7 | 218:223 | 19 | 3 |
14. | დაქსი | 11 | 4 | 0 | 7 | 211:268 | 18 | 2 |
15. | ექს-ან-პროვანსი | 11 | 3 | 0 | 8 | 191:310 | 13 | 1 |
16. | ტარბი | 11 | 5 | 0 | 6 | 198:248 | 7 | 2 |
ტარბის დაკლებული აქვს 15 ქულა
XII ტური. 10-13 დეკემბერი
ბეიონი - მონტობანი, პერპინიანი - ორიაკი, ალბი - ბეზიე, ბიარიცი - კარკასონი, კოლომიე - ნარბონი, ბურგუენი - ექს-ან-პროვანსი, მონ-დე-მარსანი - ტარბი, დაქსი - ლიონ