მეკარეთა შორის გატანილი გოლებით რეკორდსმენმა, ბრაზილიური “სან პაულუს” კარის დარაჯმა როჟერიო სენიმ ფეხბურთთან განშორება გადაწყვიტა. 42 წლის კიპერმა ხანგრძლივი კარიერის ბოლო მატჩი ბრაზილიის ჩემპიონატის დასკვნით ტურში “გოიასთან” (1:0) ჩაატარა.
სენი “სან პაულუს” ღირსებას 1992 წლიდან იცავდა და 1256 მატჩში მის ანგარიშზე 131 გატანილი გოლი ირიცხება. მან 1997-2006 წლებში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კარი 16-ჯერ დაიცვა და 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც ხვდა წილად, მანამდე, 1997 წელს კი კონფედერაციის თასი მოიგო.
სენი საკლუბო დონეზე სამჯერ გახდა ბრაზილიის ჩემპიონი (2006, 2007, 2008 ), ამდენივეჯერ ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული (1993, 1994, 2005 ), ორჯერ მოიპოვა გუნდთან ერთად საკონტინენტაშორისო თასი (1994, 2005). 2000 და 2006 წლებში ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, 2005 წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ, 2008 წელს ბრაზილიის წლის ფეხბურთელად.