ნიკა მეტრეველის “ბეტალანდ კაპო დ’ორლანდომ” იტალიურ სერია ა-ში მორიგი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წააგო, ქართველ კალათბურთელს კი საკმაო სათამაშო დრო დაეთმო.
მეტრეველის კლუბი შინაურ კედლებში “ენელ ბრინდისისთან” 74:77 დამარცხდა, ნიკამ კი მოედანზე 22 წუთში დაჰყო და 6 ქულა და 7 მოხსნა (4 შეტევაში) მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი 5 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ბეტალანდ კაპო დ’ორლანდოს” 17 ქულით ლიტველმა სიმას იასაიტისმა ულიდერა, სტუმრებს კი გამარჯვება ამერიკელმა ადრიან ბენკსმა მოუტანა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო.
მეტრეველის კლუბი 4 მოგებით და 6 მარცხით 16-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 13 დეკემბერს, სტუმრად, მილანის “ემპორიო არმანისთან” ჩაატარებს.
სერია ა2-ის აღმოსავლეთ დივიზიონში აუტსაიდერთა რიგებში რჩება გიგა ჯანელიძის “აურორა ჯესი ბასკეტი”, რომელმაც მე-11 ტურში მე-8 მარცხი შინ ქართველი კალათბურთელის ყოფილ კლუბ “როზეტო შარკსთან” განიცადა – 85:108.
ჯანელიძემ ოც წუთში 7 ქულა და 4 მოხსნა (2 შეტევაში) მიითვალა. გიგამ 2-ვე ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.