ფეხბურთი

23:19 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი კვირის მატჩებში

კვიპროსზე "პაფოსმა" შინ 3:3 ითამაშა "დოქსასთან" და ბოლოდან მესამე ადგილზეა. "პაფოსში" გოლები გაიტანეს ლევან ხმალაძემ და ნიკა გელაშვილმა, რომელმაც ბოლო წუთზე პენალტით გაათანაბრა ანგარიში. პაფოსელთა ხუთივე ქართველმა ითამაშა: როინ კვასხვაძემ, გელაშვილმა და გია გრიგალავამ შეუცვლელად; ხმალაძე 84-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ელგუჯა გრიგალაშვილმა ბოლო 25 წუთი დაჰყო მინდორზე.

შოთა გრიგალაშვილისა და ბექა ტუღუშის "აშნამ" "ნეა სალამისთან" 2:2 დაასრულა შეხვედრა. შოთამ შეუცვლელად ითამაშა, ტუღუში კი 28-ე წუთზე შეიყვანეს. ქართველების გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა.

უჩა ლობჟანიძის "ომონიამ" კი სტუმრად აელ ლიმასოლთან 1:2 წააგო და მეექვსეზეა. უჩა შეუცვლელად გაისარჯა.

ჩეხეთი: ლევან ყენია "სლავიას" სასტარტო შემადგენლობაში იყო, მისმა გუნდმა "ლიბერეცთან" სტუმრად 1:2 წააგო. ქართველი შემტევი 65-ე წუთზე შეცვალეს, როცა სამივე გოლი უკვე გასული იყო. "სლავია" მეხუთე პოზიციაზეა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "დუისბურგმა" სტუმრად "ლაიპციგთან" 2:4 წააგო და კვლავ ბოლო ადგილზეა. "დუისბურგის" სასტარტოში იყო და შესვენებისას შეცვალეს გიორგი ჭანტურია, ხოლო ლაშა დვალი 18-კაციან განაცხადში არ იყო.

პორტუგალიის მეორე ლიგაში გიორგი მაკარიძემ მორიგი მშრალი მატჩი ჩაატარა: ამჯერად მისმა "ფეირენსემ" ლიდერ "პორტუ" ბ-ს 1:0 აჯობა. კარგ სეზონს ატარებს მაკარიძე და მისი გუნდიც. დიდი შანსია, "ფეირენსე" უმაღლეს ლიგაში გადავიდეს.

აზერბაიჯანში ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა "ინტერმა" "ყარაბაღთან" გასვლაზე 0:1 წააგო და მეოთხე ადგილზეა. "ინტერში" ლაშა სალუქვაძემ და ლაშა კასრაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ზურაბ ხიზანიშვილისა და ნიკა კვეკვესკირს ტრავმა აწუხებთ, ხოლო გიორგი ლომაია სათადარიგო იყო.

თურქეთის სუპერლიგაში "რიზესფორმა" "მერსინთან" გასვლაზე 0:3 წააგო და მერვე ადგილზეა. რიზელთა სათადარიგოებში იყო ნიკა ძალამიძე და მინდორზე არ შეუყვანიათ.

და ბოლოს, თორნიკე ოქრიაშვილმა კარგა ხნის შესვენების შემდეგ ითამაშა "გენკში". ქართველი შემტევი "ანდერლეხტთან" 79-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. მატჩი 0:0 დასრულდა, "გენკი" კი მეშვიდე საფეხურზეა. ლუკა ზარანდია განაცხადში არ გახლდათ.

0.115947