რაგბი

18:40 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლელო-სარასენსის” მეორე ტაიმი

უკვე მერამდენე მატჩია საქართველოს ჩემპიონი “ლელო-სარასენსი” არადამაჯერებელი და წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ინიციატივას ეუფლება და თამაში სასურველ ჭრილში გადაყავს.

ეს უმეტესად დიდ დიღომში, კლუბის ახალ სტადიონზე ხდება და რაგბის გულშემატკივარიც შესანიშნავი სპექტაკლების მომსწრე ხდება, მაგრამ ამ ყველაფრის თავი და თავი გუნდის მთავარ მწვრთნელში უნდა ვეძიოთ. როგორც სჩანს, შესვენებისას ის შეგირდებს სწორ რჩევებს აძლევს, ტაქტიკასა თუ შემადგენლობაში საჭირო ცვლილებებს ანხორციელებს და მოწინააღმდეგეებს, რომლებიც მოპოვებული უპირატესობის ბოლომდე მიყვანას წარმატებული (პირველ ტაიმში) სტილით ცდილობენ, რაიმეს შეცვლა უბრალოდ აღარ გამოსდით.

ტურის ცენტრალური მატჩი, რომელსაც უნდა გაერკვია ვინ შეხვდებოდა ახალ წელს ლიდერის პოზიციაზე კარგი სანახავი გამოდგა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ეპიზოდს, როდესაც შერკინებების დაყენებამ ძალიან დიდი დრო წაიღო და ტემპი დავარდა. მის მსვლელობაზე დიდი როლი ითამაშა ძლიერმა ქარმა, რომელიც პირველ ტაიმში გორელთა, ხოლო მეორე ნახევარში მასპინძელთა სასარგებლოდ ქროდა. თამაშის პირველი 30 წუთი სრულად “ჯიქის” იყო, რომელმაც მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და უპირატესობაც დამსახურებულად მოიპოვა, მაგრამ ამის შემდეგ და განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ჩემპიონი სრულად დაეუფლა ინიციატივას და ბოლოს პრემიალური ქულაზეც დაფიქრდა, მაგრამ საკუთარმა შეცდომებმა მას 4 ქულით დაკმაყოფილება აიძულა.

შეხვედრის დებიუტში გორელებმა შერკინებაშიც იმძლავრეს, მაგრამ რამაზ ხარაზიშვილს დაახლოებით 45 მეტრიდან დარტყმა გაუცუდდა. საწყის 30 წუთში გორელები განსაკუთრებით კარგად რაქებში გამოიყურებოდნენ და ნებისმიერ შემთხვევაში ბურთი მათი ნადავლი ხდებოდა, რაც კონტრშეტევის განხორციელებების საშუალებას იძლეოდა, მაგრამ “ლელო-სარასენსის” ჩათვლის მოედანთან ლელომდე საქმე არცერთხელ მისულა. სამაგიეროდ, ჩემპიონი დისციპლინაში მოიკოჭლებდა და ხარაზიშვილმაც სამი დარტყმით ანგარიში ლოგიკური გახადა - 9:0. მან ჯერ 40 მეტრიდან დაარტყა ზუსტად, მერე “ლელო-სარასენსი” დერეფანში თამაშისას შეცდა და ჯარიმა კარიდან მარჯვნივ, დაახლოებით 30 მეტრში დაინიშნა, ხოლო ტაიმის შუაში რამაზმა თავისი ნახევრიდან, დაახლოებით 55 მეტრიდან ზურგქარის იმედად დაკრა და არც შემცდარა.

ჩემპიონმა მეტოქის ნახევარზე გადასვლა და 22-მეტრიან ხაზთან მისვლა მხოლოდ ამის შემდეგ, ზედიზედ ორჯერ მოახერხა, მაგრამ დერეფანში ვერცერთხელ ვერ იხეირა. სამაგიეროდ, მეორე შემთხვევაში “ჯიქი” უკვე მისსავე შერკინებაში დაჯაბნა და ოთარ ბარკალაიამ ჯარიმიდან ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო 39-ე წუთზე მანვე მეორე შანსი გამოიყენა და ჩამორჩენა 3 ქულამდე დავიდა. ტაიმის მიწურულს მაყურებელმა პირველად იხილა სალელოვე შეტევა, ეს ზვიად მაისურაძემ გაჭრა ხაზი ცენტრის სიახლოვეს და მეტოქის 22-ში შევიდა, იერიშის სწრაფად გაგრძელება ვერ მოხერხდა, მაგრამ ბურთი მარცხნივ რომ ჩათამაშდა ფლანგზე ლევან ჩიტიძე გაიქცა, მაგრამ მიზნამდე ვერ მიაღწია და ტაიმიც ასე დასრულდა.

თამაში რომ განახლდა ქარი უკვე მასპინძელთა სასარგებლოდ უბერავდა და ისედაც, გუნდი მოედანზე სხვა განწყობით გავიდა. გორელებმა პირველ ჯერზე სახიფათო შეტევა სუფთად მოიგერიეს, მაგრამ 47-ე წუთზე ეს მხოლოდ ჯარიმის ხარჯზე მოახერხეს და ბარკალაიამ კარის წინ 12 მეტრიდან წონასწორობა აღადგინა. ამავდროულად, ლევან თხელიძე სინბინით დაისაჯა და გორელები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 52-ე წუთზე გორელები უკვე შერკინებაში დაჯარიმდნენ და მართალია ბარკალაიას მარჯვენა კიდიდან, დაახლოებით 42 მეტრიდან მიზანმა უმტყუნა, მაგრამ მცველს ჩათვლის მოედანში ბურთი წინ გადაუვარდა და “ლელო-სარასენსის” სასარგებლოდ 5-მეტრიანი შერკინება დაინიშნა.

შედეგად, 55-ე წუთზე “ლელო-სარასენსმა” მეტოქის შერკინება დაძრა, 5 მეტრით უკან დაახევინა და ზვიად მაისურაძემ ლელო გაიტანა, ხოლო ბარკალაიამ გარდასახვა და მასპინძლლები მატჩში პირველად დაწინაურდნენ. თხელიძე მოედანზე ახალი დაბრუნებული იყო, როდესაც ჯარიმით და სინბინით უკვე ალეკო ზაბახიძე დაისაჯა და სტუმრები 10 წუთით კვლავ კაცნაკლული დარჩნენ. ბარკალაიას კარის წინ 40 მეტრიდან დარტყმა გაუცუდდა. სამაგიეროდ, ჩემპიონს მორიგი კარგი შრტევა ჰქონდა, მარჯვენა ფლანგზე ხაზი რატი შანიძემ გაჭრა და ლელოს 12-15 მეტრამდე მიუახლოვდა, კარის წინ რამდენიმე დარტყმის შედეგად, თითქოს ლელო გავიდა, მაგრამ რეფერიმ ეს ვერ დააფიქსირა და 5-მეტრა შერკინება დანიშნა.

ამჯერად “ჯიქი” კარგად დადგა და მორიგი 7 ქულისგან თავი დაიცვა, მაგრამ 66-ე წუთზე ისევ დაჯარიმდა, ამჯერად ბარკალაიამ თითქმის წინაპოზიციიდან, ოღონდ 2-3 მეტრით უფრო ახლოდან დაჰკრა და 19:9. რადგან სხვაობა უკვე 10 ქულა იყო, “ლელო-სარასენსმა” პრემიალურ ქულაზე გადაწყვიტა თამაში და კარის წინ 22-25 მეტრიდან ორჯერ არ აიღო 100%-იანი 3 ქულა, მაგრამ ვერც ლელოს გატანა მოახერხა და საბოლოოდ 19:9 მოგებას დასჯერდა. შედეგად, ჩემპიონი ახალ წელიწადს სატურნირო ცხრილის თავში ხვდება, ხოლო “ჯიქი”, რომელიც ჩემპიონატის დაწყებიდან თითქმის სულ ლიდერად გვევლინებოდა, ახლა მხოლოდ მესამე პოზიციაზეა.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. XII ტური

6 დეკემბერი. თბილისი. “ლელო”

ლელო-სარასენსი (თბილისი) - ჯიქი (გორი) 19:9 (6:9)

ლელო-სარასენსი: 15. ყიასაშვილი, 14. შანიძე, 13. თოდუა, 12. ლომინაძე, 11. ჩიტაძე, 10. ბარკალაია, 9. მინდიაშვილი; 1. ჯულაყიძე, 2. ჭყოიძე, 3. მჭედლიძე, 4. სიხარულიძე, 5. ქოიავა, 6. ბუბუტეიშვილი, 7. კოპაძე, 8. მაისურაძე.

სათადარიგოები: 16. ლომთაძე, 17. მაჭარაშვილი, 18. ქართველიშვილი, 19. ბერიაშვილი, 20. აფრასიძე, 21. ხეცურიანი, 22. ტაბუცაძე, 23. ხორბალაძე.

1 ლელო: მაისურაძე

1 გარდასახვა: ბარკალაია

4 ჯარიმა: ბარკალაია

ჯიქი: 15. სვანიძე, 14. ბიწაძე, 13. ხუციშვილი, 12. გაბროშვილი, 11. ხარაზიშვილი, 10. ნინიძე, 9. ზაბახიძე; 1. ორაგველიძე, 2. მამრიკიშვილი, 3. გურგენაძე, 4. გოგოლიძე, 5. შენგელია, 6. დიდებულიძე, 7. სუჯაშვილი, 8. თხელიძე.

სათადარიგოები: 16. ჯინჭარაძე, 17. საჯაია, 18. ჩირგაძე, 19. ტრაპაიძე, 20. ტუჩაშვილი, 21. დევსურაშვილი, 22. კიკნაძე, 23. ქარჩავა.

3 ჯარიმა: ხარაზიშვილი

3 სინბინი: თხელიძე, ზაბახიძე, საჯაია

6/12

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

12

9

1

2

2

1

0

221:165

+56

23/14

41

2

ბათუმი ბათუმი

12

8

1

3

1

3

0

201:158

+43

16/06

38

3

ჯიქი გორი

12

7

1

4

3

2

0

193:135

+58

22/09

35

4

ლოკომოტივი თბილისი

11

7

0

4

1

4

0

216:165

+51

22/11

33

5

აია ქუთაისი

11

7

1

3

1

1

0

178:143

+35

12/10

32

6

ყოჩები ბოლნისი

10

5

0

5

1

3

0

161:161

=0

13/13

24

7

ხარები რუსთავი

12

4

0

8

0

4

0

141:197

-56

11/22

20

8

აკადემია თბილისი

11

4

0

7

0

3

0

099:156

-57

05/15

19

9

არმია თბილისი

11

2

1

8

0

5

0

183:253

-70

11/29

15

10

არმაზი თბილისი

10

0

1

9

0

6

0

137:197

-60

11/17

8

8 დეკემბერი. თბილისი. “შევარდენი”. 15:00 საათი

აკადემია (თბილისი) - არმია (თბილისი)

ყოჩები (ბოლნისი) - აია (ქუთაისი) გადაიდო

ლოკომოტივი (თბილისი) - არმაზი (თბილისი) გადაიდო

0.448785