საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიოს გრან სლემზე გამოსვლა გუშინ მოპოვებული ორი მედლით დაასრულა. დღეს იაპონურ ტატამზე ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის ხუთი წევრი გავიდა, მაგრამ ხუთივე საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.
მიზნამდე ყველაზე ახლოს ბექა ღვინიაშვილი და ლევან მატიაშვილი მივიდნენ, მაგრამ საბოლოოდ მე-5 ადგილებს და 100-100 სარეიტინგო ქულას დასჯერდნენ.
ღვინიაშვილმა ძიგორო კანოს მემორიალზე ჩვეულზე ერთი წონითი კატეგორიით მაღლა – 100 კილოგრამში მოსინჯა ძალა და საკმაოდ შთამბეჭდავი დებიუტიც ჰქონდა. ძირითად ბადეში გამოსვლა ერთი თავით მაღალი მეტოქის - მსოფლიო რეიტინგში მე-9 ადგილზე მყოფი შვედი მარტინ პაცეკის შებოჭვით დაიწყო. ხორვატ ზლატკო კუმრიჩს ორწუთნახევარში ორ-ორი იუკო და ვაზარი შეუსრულა. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი კი მეოთხედფინალში დაკარგა, მასპინძელთა ჯილასთან – მსოფლიოს ჩემპიონ რიუნოსუკე ჰაგასთან წაგებით. რეპეშაჟის ნახევარფინალში ღვინიაშვილი მსოფლიო ცხრილის მე-14 საფეხურზე მდგომ კუბელ ხოსე არმენტეროსს დაეჭიდა და მოგვერდი შებოჭვით დაუსრულა. "ბრინჯაოს ფინალში” კი ფრანგ სირილ მარესთან საფინალო გონგამდე ორი წამით ადრე მტკივნეულით დამარცხდა. სწორედ მარესთან შეხვედრით და იპონით წაგებით დაიწყო და დაასრულა ტოკიოს გრან სლემზე გამოსვლა საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ლაშა გურულმა.
ლევან მატიაშვილმა (+100 კგ) ძირითად ბადეში გამოსვლა ნახევარფინალში დაასრულა - უკრაინელ სტანისლავ ბონდარენკოსთან შეხვედრაში ბეჭებზე დაეცა. იქამდე ეგვიპტელ აჰმედ ვაჰიდს იუკოთი აჯობა. რეპეშაჟში კი ორ იაპონელთან მოუხდა დაჭიდება. ტაკეში ოჯიტანის უილეთო ბრძოლაში ერთი გაფრთხილების უპირატესობით (1:2), ხოლო დაიკი კამიკავასთან ასევე უილეთო შეხვედრაში თავად დაზარალდა ზედმეტი შიდოთი (1:0).
+100 კილოგრამის კონკურენციაში საქართველოს სახელით ევროპის მოქმედი ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილიც ჩაერთო, მაგრამ ტატამზე მხოლოდ ერთხელ გავიდა – საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო, დაიკი კამიკავასთან მახრჩობელათი დამარცხდა და სამივე სინჯის მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი უმალ დაკარგა.
დღის მთავარი იმედგაცრუება კი ქართველი ქომაგებისთვის ვარლამ ლიპარტელიანის საწყის ეტაპზე წაგება აღმოჩნდა. გრან სლემზე მეორე ნომრად განთესილი ევროპის 2-გზის ჩემპიონი საწყის ეტაპზე იაპონელ იუია იოშიდას დაეჭიდა და ვაზარის უგებდა, მაგრამ იპონზე დაეცა.
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ტოკიოს გრან სლემის არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ იაპონიას ჩამორჩა. ტურნირის მასპინძლებმა ქალთა და მამაკაცთა შორის 11 ოქროს მედალი მოიპოვეს.
ძიუდო
გრან სლემი
ტოკიო
4-6 დეკემბერი
კაცები
60 კგ
1 ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)
2 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)
3 ვონ ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 ტორუ შიშიმე (იაპონია)
66 კგ
1 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)
2 მასაში ებინუმა (იაპონია)
3 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)
3 კენგო ტაკაიჩი (იაპონია)
73 კგ
1 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია)
2 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა)
3 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
3 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)
5 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
81 კგ
1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)
2 სეუნგსუ ლი (სამხრეთ კორეა)
3 ტაკენორი ნაგასე (იაპონია)
3 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)
7 უშანგი მარგიანი (საქართველო)
90 კგ
1 მაშუ ბეიკერი (იაპონია)
2 ეშლი გონზალესი (კუბა)
3 დონგ ჰან გვაკი (სამხრეთ კორეა)
3 დაიკი ნიშიამა (იაპონია)
100 კგ
1 რიუნოსუკე ჰაგა (იაპონია)
2 გუამ ჩო (სამხრეთ კორეა)
3 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)
3 სირილ მარე (საფრანგეთი)
5 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)
+100 კგ
1 ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია)
2 რიუ შიჩინოე (იაპონია)
3 სტანისლავ ბონდარენკო (უკრაინა)
3 დაიკი კამიკავა (იაპონია)
5 ლევან მატიაშვილი (საქართველო)
საერთო გუნდური ჩათვლა
ო | ვ | ბ | V | VII | |||
1. | იაპონია | 11 | 5 | 7 | 7 | 6 | |
2. | საქართველო | 1 | 0 | 1 | 3 | 1 | |
3. | გერმანია | 1 | 0 | 0 | 2 | 0 | |
4. | აშშ | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | |
5. | სამხრეთ კორეა | 0 | 3 | 3 | 0 | 1 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია